საჯარო სკოლები

სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ტექნიკით აღჭურვა - CCIIR-ის კვლევის მიგნებები

TeachHUB

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) 25 იანვარს გამოაქვეყნა ანალიტიკური ბიულეტენი საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობისა და მათი ტექნიკით აღჭურვის შესახებ.

სასკოლო ინფრასტრუქტურა 

ინფორმაცია ინფრასტრუქტურის შესახებ 2 086 საჯარო სკოლიდან მიღებულია 1 561 სკოლაზე, რაც 75%-ზე მეტს წარმოადგენს. 

კვლევის მიხედვით,  საქართველოს საჯარო სკოლების 59% - საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას ან რემონტს, 28% არის ახლად აშენებული, გარემონტებული ან რეაბილიტირებული, სკოლების 9%-ში დაგეგმილია რემონტი, რეაბილიტაცია, მშენებლობა, ხოლო სკოლების 4%-ში ამჟამად მიმდინარებს მშენებლობა, რემონტი და რეაბილიტაცია.

სკოლების საერთო რაოდენობაში რეაბილიტირებული ან გარემონტებული სკოლების წილი ყველაზე მაღალია თბილისში - 51%, ყველაზე დაბალი კი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაშია 11-11%-ით. თუმცა, მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი სწორედ გურიაში (21%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (19%) და მცხეთა-მთიანეთშია (19%) დაგეგმილი.

საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები

1 450 სკოლის მონაცემის მიხედვით, 64%-ში არ არის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სკოლების 31%-ს კი აქვს ლაბორატორია, ხოლო დარჩენილ ნაწილში გამოიყენება ან ვირტუალური/კომპიუტერული საბუნებისმეტყველო ლაბორატორია ან მოძველებული ლაბორატორიები, რომელთა რეალური გამოყენება CCIIRR-ის ცნობით, ვერ ხერხდება.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი 3 რესურსცენტრის მონაცემების მიხედვით ასევე წერს, რომ თბილისის სკოლებში "გაცილებით დიდ პროცენტში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია სხვა რეგიონებთან შედარებით".

"თბილისში სკოლების დაახლოებით 80%-ს აქვს რაიმე სახის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 87 %-მდე სკოლებს არ გააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია"

წყარო: CCIIR

კომპიუტერი, პრინტერი, ინტერნეტი

ანალიტიკური ბიულეტენის მიხედვით, სკოლების 87% მიუთითებს, რომ აქვთ კომპიუტერები და პრინტერები, ხოლო 90% მიუთითებს ინტერნეტის ქონას. თუმცა, კვლევაში აღნიშნულია, რომ "გადამოწმებისას, პირადი კომუნიკაციისას სკოლების ნაწილი აღნიშნავს, რომ არსებული ინტერნეტი, დაბალი ხარისხის გამო, მხოლოდ ფორმალურად არის სკოლებში და რთულად გამოიყენება რეალურად სწავლებისა და მართვის პროცესში".

CCIIR-ი ასევე წერს, რომ კომპიუტერის, პრინტერისა და ინტერნეტის პრობლემები იკვეთება ლანჩხუთის, ჩხოროწყუს, დმანისის, სიღნაღის, ჭიათურისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლებში. 

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ცნობით, ანალიტიკურ ბიულეტენში გამოყენებული ინფორმაცია მიღებული აქვთ მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მეშვეობით, სკოლების სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის, შენობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობისა და ტექნიკური აღჭურვის მითითებით. 

"2023 წლის ივნისიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ გასცემს საჯარო ინფორმაციას CCIIR-ზე. 2023 წელის დეკემბრიდან, სამინისტრომ ორჯერ მოგვაწოდა მოთხოვნილის ნაცვლად შეჯამებული, მცირე მონაცემი, რომელიც ფორმალურად პასუხს წარმოდგენს - მისი დამუშავება და ანალიზი შეუძლებელია;

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნაზე ფორმალური რეაგირება მოახდინა, რეალურად არ მოგვაწოდა ინფორმაცია;

მონაცემები არ მოგვაწოდეს შემდეგმა მუნიციპალიტეტებმა/რესურსცენტრებმა: გორის, მარნეულის, ზესტაფონის, ბოლნისის, სამტრედიის, კასპის, ქარელის, ახალციხის, ახმეტის, ყვარლის, წალენჯიხის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებმა, თბილისის მერიამ და მის ტერიტორიაზე განლაგებულმა ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგოტის რესურსცენტრებმა". - წერს CCIIR.

კომენტარები