საჯარო სკოლები

სკოლის ბუფეტებში "განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის" გაყიდვა აიკრძალება

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ბუფეტებში "განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის" გაყიდვა აიკრძალება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ძირითადად საუბარია შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ასევე შაქრიან, გაზიან სასმელებზე. 

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთრებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯია, რომ წავახალისოთ ბუფეტის ოპერატორები... ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები" - თქვა ჯეჯელავამ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ მებუფეტეების ტრენინგები უკვე მიმდინარეობს.

"შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სექტემბრიდან, ბავშვებს სკოლაში ბუფეტი შეცვლილი დახვდებათ”, - განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ პროცესი მონიტორინგით გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში, მებუფეტესთან ხელშეკრულებას გაწყვეტენ.

ამასთან, დღეს ალექსანდრე ჯეჯელავამ თქვა, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში, სადაც 1000 მოსწავლეზე მეტი სწავლობს, კვირაში ერთხელ, ვაშლს დაარიგებენ.

კომენტარები