ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის თქმით, ბირთვული შესაძლებლობების მქონე ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოცადეს

Rodong Sinmun

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთ კორეამ პირველი ფრთოსანი რაკეტა გამოცადა. ინფორმაცია სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებშიც დაადასტურეს.

KCNA-ს თქმით, გამოცდილი რაკეტა Pulhwasal-3-31 ჯერჯერობით განვითარების ფაზაშია და მისი გამოცდა მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ჩრდილოეთ კორეის თქმით, ახალი ფრთოსანი რაკეტა "სტრატეგიული" მნიშვნელობისაა, რითაც გულისხმობენ, რომ აღნიშნულ რაკეტას ბირთვული დანიშნულებაც ექნება.

რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების წარმომადგენელმა ლი სუნგ ჯუნმა განაცხადა, რომ რაკეტამ წინა გამოცდებთან შედარებით უფრო მოკლე მანძილი დაფარა. სამხრეთ კორეის თქმით, რაკეტის გამოცდის მიზანი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებული სარაკეტო შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო.

2024 წელს ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა უკვე მეორედ გამოცადა. მანამდე, 14 იანვარს, საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ზღვისკენ გაისროლა. რაკეტამ 1000 კილომეტრი იფრინა და ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარედ ჩამოვარდა. ჩრდილოეთ კორეის თქმით, ეს მყარი საწვავის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა.


ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეის ქმედებებმა რეგიონში არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება განაპირობა. 2023 წლის ბოლოს ჩრდ. კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რომელთაგანაც ერთ-ერთი 15 000 კილომეტრის რადიუსის მქონე იყო. ხოლო იანვრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ ორი დღის განმავლობაში საზღვართან 260-მდე ჭურვი ისროლა, რის საპასუხოდაც სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს.

13 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერ წინდაუხედავ ქმედებას, სამხრეთ კორეის მხრიდან "ჯოჯოხეთური განადგურება" მოჰყვება.

კომენტარები