გერმანია

გერმანია უცხოელებზე ჯარში მსახურობის ნებართვის გაცემას განიხილავს

ბუნდესვერი - გერმანიის შეიარაღებული ძალები
Noah Wedel/picture alliance

გერმანიაში მაღალი რანგის კანონმდებელმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-თან განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბუნდესვერში (ჯარში) მსახურობის ნებართვის გაცემის გეგმას განიხილავენ. ამასთანავე, პოტენციური გეგმით, ნებართვა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, არამედ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებზეც გავრცელდეს, ხოლო ამით უცხოეთის მოქალაქეებს გერმანიის მოქალაქეობის აღების გზა გაუმარტივდეთ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღნიშნული გეგმა მას შემდეგ წარადგინა, რაც გაირკვა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები პერსონალისა და მოხალისეების დეფიციტს განიცდის.

გერმანიის სოციალ დემოკრატების გარდა, ამ იდეამ მხარდაჭერა კოალიციურ პარტნიორებსა და ოპოზიციაშიც მოიპოვა. თავისუფალ დემოკრატიული პარტიის (FDP) წევრმა და გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა DW-თან ისაუბრა. მისი წარმოდგენით, გერმანიის ჯარში მსახურობის შესაძლებლობა ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ.

ზიმერმანის თქმით, აღნიშნული გეგმა შესაძლოა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, ასევე გაერთიანებულ სამეფოსა და შვეიცარიაზეც გავრცელდეს. თუმცა, ვარიანტები ამ ქვეყნებითაც არ შემოიფარგლება.

"ჩვენ უკვე ვმუშაობთ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპული ჯარის ყოლაზე". - ამბობს ზიმერმანი და ამატებს: "და სწორედ ამიტომ, გრძელ ვადაში, თუკი ევროპულად ფიქრობ, ევროპული ჩარჩოს ფარგლებში არანაირი მნიშვნელობა ექნება, თუ რომელი ეროვნებისაა ჯარისკაცი".

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხას. პისტორიუსის თქმით, გერმანულმა საზოგადოებამ უნდა "გამოიღვიძოს" და ბუნდესვერი "ომისთვის მზადყოფნაში" უნდა იყოს.

მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანის აზრით, ამ პერიოდში ჯარის საჭირო დონემდე გაძლიერება შესაძლებელია. მისი თქმით, აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება, დიდი წნეხის მიუხედავად, 5 წელიწადში უნდა მოხერხდეს.

"ის ფაქტი, რომ ბალტიის ქვეყნები რუსეთის საზღვართან სიმაგრეების აშენებას ფიქრობენ გვაჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულია ეს ყოველივე". - ამბობს ზიმერმანი.

კომენტარები