საქართველო-ჩინეთი

"სამოქალაქო იდეა" პაპუაშვილზე: მზადდება ნიადაგი, კრიტიკაზე "ტაივანის ლობისტები" იძახონ

სამოქალაქო იდეის დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა პაპუაშვილის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ისინი ტაივანიდან ფინანსდებიან და ანტიჩინურ განწყობებს ქმნიან, განცხადებით პასუხობს.

ორგანიზაციის თქმით, არც მათ, და არც მათ ხელმძღვანელს, ხიდაშელს, ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არასდროს გაუკეთებიათ და რომელიმე სახელმწიფოს აღიარებასთან ან არაღიარებასთან დაკავშირებით პოზიციას არ გამოხატავენ.

მათივე თქმით, სამოქალაქო იდეას ტაივანურ ორგანიზაციებთან - და არა ტაივანის სახელმწიფოსთან - ნამდვილად აქვს პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა ეს კავშირები და მათი დაფინანსება საჯაროა და ინფორმაცია მათ ვებგვერდზეცაა განთავსებული.

"შეცდომაა - "ტაივანი გაფინანსებთ", ვინაიდან განსხვავებით ჰოლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მთავრობებისგან, სადაც სამოქალაქო იდეას დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად, პირდაპირ ამ სახელმწიფოებისგან აქვს წლების განმავლობაში, ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან, რომლებიც კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და შესაბამისად, ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში, დაფინანსებასაც გამოყოფენ". - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პაპუაშვილის განცხადება, რასაც ქართული ოცნების სხვა წევრების თავდასხმებიც მოჰყვა, ანაკლიის პორტის საკითხს უკავშირდება. მათი აზრით, ხელისუფლება ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვების გადაწყვეტილებაზე მუშაობს, სამოქალაქო იდეა კი ამ ნაბიჯის კვალიფიციურ კრიტიკას შეძლებს.

"შესაბამისად, დღეს ამზადებენ ნიადაგს იმისათვის, რომ კვალიფიციურ კრიტიკაზე პასუხად, ნაცვლად არგუმენტებისა "ტაივანის ლობისტები" იძახონ". - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

20 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "ქალბატონი თინა [ხიდაშელი] ფინანსდება ტაივანის მხრიდან. არის ოფიციალური ფონდები და გასაგებიცაა, რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობების გაღვივებას".

კომენტარები