რუსეთი

ლავროვი ნიუ იორკში ჩავიდა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებს დაესწრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსული სამთავრობო მედიის, РИА Новости-ის, ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ იორკში ჩავიდა, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებს დაესწრება.

ლავროვი ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობის შესახებ ღია დებატებსა და უკრაინასთან დაკავშირებით მოწყობილ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მოსალოდნელია, რომ ვიზიტი 22 იანვრიდან 24 იანვრამდე გაგრძელდება. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ლავროვს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან არანაირი შეხვედრა არ აქვს დაგეგმილი. 

გამოცემის თანახმად, გაფრენამდე ლავროვის თანმხლებმა ყველა ჟურნალისტმა ვიზა მიიღო, რომელიც სექტემბერში წინა ვიზიტის დროს მიღებული ვიზისგან განსხვავებით, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა და მოძრაობას 40 კილომეტრის რადიუსით არ ზღუდავს.

კომენტარები