ევროპული საქართველო

ნონიაშვილი: არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ევროპულ საქართველოსთან დებატებში დაჯდომა არ სურს

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად და საქართველოს ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად, შინაარსობრივ საკითხებზე დებატები და კამათი ორგანულად საჭიროა - თითოეული პოლიტიკური ჯგუფი რა რეფორმების გატარებას აპირებს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ამ საზოგადოებისა და ამ ქვეყნის მდგომარეობა გააუმჯობესოს. მაგრამ, არსებული პოლიტიკური სპექტრი: ნაციონალური მოძრაობა, ლელო, გახარიას პარტია და სხვები ყველაფერს პირიქით, ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ. ასევე, მათ ევროპულ საქართველოსთან ერთი-ერთზე, ამ დებატებში დაჯდომა არ უნდათ, როცა საქმე შინაარსობრივ საუბარზე მიდგება.

დღეს, მთავარ არხზე, დეა მამისეიშვილის ეთერში ამის ნათელი დადასტურება ვნახეთ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და ლელომ ევროპულ საქართველოსთან პირისპირ დებატებზე უარი თქვეს. ისინი ევროპულ საქართველოსთან დებატებზე უარს მხოლოდ მაშინ არ ამბობენ, როცა გადაცემაში მთლიანი, დიდი პოლიტიკური სპექტრია ხოლმე წარმოდგენილი და ეს დეტალური, შინაარსობრივი განხილვის შესაძლებლობას არ იძლევა. მაგრამ, როდესაც დეტალური, შინაარსობრივი განხილვის საშუალებაა და უშუალოდ რეფორმებზე მიდგება ხოლმე საქმე, ეს პარტიები ევროპულ საქართველოსთან კამათზე უარს აცხადებენ.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი. მთავარი არხის წამყვანის, დეა მამისეიშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში უთხრეს, რომ მათი წარმომადგენელი მის დღევანდელ გადაცემაში ევროპულ საქართველოს წევრთან ერთად არ დაჯდებოდა. ასევე, მამისეიშვილის განცხადებით, ევროპულ საქართველოსთან ერთად გადაცემაში მონაწილეობაზე ყოყმანი დაიწყო პარტია ლელომაც.

კომენტარები