სტალინის გამოსახულება ხატზე

პაპუაშვილი ევროპულ საქართველოზე: ეს პარტია ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით გამოირჩევა

რაც შობას მოხდა, ერთეული ინციდენტი და შემთხვევითი მოვლენა არ იყო. უპირველეს ყოვლისა, აქ პერსონაჟებია მნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ ბატონი გიორგი კანდელაკი, რომელმაც თავდაპირველად, სამების ტაძრიდან ვიდეო დადო. შემდეგ მოვისმინეთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, თუ წლებია, ეს ხატი სამებაშია. მე დიდი ეჭვი მაქვს, ეს ამბავი ბატონი კანდელაკისთვის დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი და ის ამას სპეციალურად შობის დღისთვის ინახავდა - იმისთვის, რომ ქართული ეკლესიისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა. ზოგადად, გიორგი კანდელაკი საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული მოქმედებებით გამოირჩევა.

ბატონი კანდელაკი ცდილობდა, ეს საზოგადოებისთვის მიეწოდებინა, როგორც სტალინის ხატი. ის დღემდე ამ ტერმინს იყენებს - სტალინის ხატი. მან ძალიან კარგად იცის, რომ ის არანაირი სტალინის ხატი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ამას სპეციალურად აკეთებს, რომ ემოციურად დაამძიმოს. მიზანი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა.

გიორგი კანდელაკი თავს წარმოაჩენს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, SOVLAB-ის წარმომადგენელი. ამავე დროს, ის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ჩვენი არასამთავრობო სექტორი რა აბსურდშია გადასული. პოლიტიკოსებს არასამთავრობო სექტორად წარმოგვიდგენენ, რომელსაც შემდეგ უცხოელი დონორი აფინანსებს - აქ უცხოელი დონორების პასუხისმგებლობა ძალიან მკაფიოდ იკვეთება. თავის მხრივ, ეს პარტია [ევროპული საქართველო] ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით გამოირჩევა - და იმ ეპითეტებით, რომელსაც საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ იყენებენ. 

ასე გამოეხმაურა სამების ტაძარში დასვენებულ სტალინის გამოსახულებიანი, მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

17 იანვარს სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანემ თქვა, რომ სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატი, ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის, სამების დაცულ სივრცეში გადააბრძანეს. არქიმანდრიტის განცხადებით, იქ  ხატმწერს შესაძლებლობა მიეცემა, რომ საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, კანონიკური წესების დაცვით, ხატზე "არსებული ხარვეზები" შეასწოროს.

კომენტარები