ბიძინა ივანიშვილი

გახარია: ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის წევრებს "პატარა, მშიშარა ბიჭები" უწოდა და თქვა, რომ მათ ბიძინა ივანიშვილი უკვე ბევრგან "ჩაუშვეს".

"მე ხომ ზუსტად ვიცი, ამ პატარა მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული. აი, დეტალებში აქვთ მოყოლილი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის". - თქვა გახარიამ.

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებასაც გამოეხმაურა.

"სამ კაცთან კონსულტაციები აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ პროცესი ვმართოო. ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მოტანილი ინფორმაციაც აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვთ ინფორმაცია და უსმენენ, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ახლა ხომ ხვდებით, ეს რა არის.

პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა [...] აი, ამ პატარა, მშიშარა კორუმპირებული ბიჭების დასაცავი გახდა და ერთი რამ იცოდეთ, ეს პატარა, მშიშარა ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეუქმნან ისეთი აღქმა, რომ არ გამოვიდეს და არ დაჯდეს და ხალხს, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, პირისპირ არ ელაპარაკოს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათი უსუსურობა, მათი კორუმპირებულობა - ეს ყველაფერი ნათელი გახდება". - თქვა გიორგი გახარიამ. 


30 დეკემბერს ტვ იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებდა. მოგვიანებით, იმავე დღეს, ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ ახლად შემოღებულ თანამდებობაზე სწორედ ივანიშვილი აირჩია. 

როგორც ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების" გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას". - აღნიშნა ივანიშვილმა. 

ქართული ოცნების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გახარიას დროს მმართველ პარტიას რომ არ დახმარებოდა, "უმძიმესი სცენარი იქნებოდა".

"მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება". - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები