აშშ

აშშ-მ ჰუსიტები ტერორისტულ ორგანიზაციად ისევ გამოაცხადა

Khaled Abdullah/Reuters

17 იანვარს აშშ-მ ჰუსიტები ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ხელმეორედ შეიყვანა. აშშ-ს წარმომადგენლების ცნობით, ჰუსიტების გლობალურ ტერორისტებად გამოცხადება მათ დაფინანსებისა და იარაღის მიღების გზებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

"ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება მნიშვნელოვანი იარაღია ჰუსიტების დაფინანსების ხელის შესაშლელად, მათი ფინანსური ბაზრების უფრო შესაზღუდად და მათი დანაშაულებებისთვის პასუხისგებაში მისაცემად" - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა. 

მისი თქმით, თუ ჰუსიტები შეწყვეტენ თავდასხმებს წითელ ზღვაზე, ამ შემთხვევაში აშშ გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას და მათ ამოიღებს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან. 

ჰუსიტები ირანიდან მართული შიიტი ამბოხებულები არიან, რომლებიც წითელ ზღვაში საერთაშორისო კომერციულ ხომალდებს თავს ესხმიან და მსოფლიო ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან. ჰუსიტები აქამდე აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში უკვე იყვნენ. ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველ წელს ჰუსიტები ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო და ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ ამ სიაში ყოფნა ხელს უშლიდა იემენში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესს. იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომის გამო უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა და ქვეყნის საკმაოდ დიდ ნაწილს ჰუსიტები აკონტროლებენ. 

კომენტარები