საქართველო-ჩინეთი

გრიგალაშვილი: ანტიდასავლური რიტორიკის კონტექსტში, პრობლემაა ჩინეთთან გაუგებარი ურთიერთობები

ქართული ოცნების მიერ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით ჩინეთში დელეგაციის გაგზავნასთან დაკავშირებით ტაბულა პოლიტიკური გაერთიანება გირჩი-დროას ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი გრიგალაშვილს ესაუბრა. როგორც გრიგალაშვილმა აღნიშნა, ჩინეთთან პრობლემაა არა ეკონომიკური კავშირები, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადებით დამყარებული "გაუგებარი ურთიერთობები".

"თავისთავად, პრობლემას ვერ ვხედავთ იმაში, რომ [ჩინეთთან] რაღაც ტიპის ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს და რაღაც ტიპის თავისუფალი მიმოსვლის ურთიერთობებთან დაკავშირებით მიდიოდეს მსგავსი მოლაპარაკებები. თუმცა, იმის ფონზე, როცა არაფერი ვიცით და საჯარო არ არის ეს პროცესი და როცა საქმე ეხება ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობას, რომელიც ცივილიზაციური მტერი არის ჩვენი დასავლელი მთავარი პარტნიორების - არა მარტო მათი, ზოგადად დემოკრატიის ანტიპოდი არის - მინიმუმ ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო.

ამას გარდა, როცა ერთი მხრივ ჩინეთთან გაქვს ასეთი ტიპის ურთიერთობები და მეორე მხრივ, არაფერს აკეთებ იგივე NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, ანტიდასავლურ რიტორიკას აგრძელებ დასავლელ პარტნიორებთან - ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, პრობლემა არის ესეთ კონტექსტში ჩინეთთან გაუგებარი ურთიერთობები". - ამბობს გრიგალაშვილი.

პოლიტიკოსმა ჩინეთში კობახიძის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას ასევე თქვა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის შორეული აღმოსავლეთის ქვეყანაში ჩასვლა მმართველი პარტიისთვის პეკინთან ურთიერთობის მნიშვნელობას აჩვენებს.

"კობახიძე არის ადამიანი, რომელიც არც ისე ხშირად ჩნდება ხოლმე საერთაშორისო ვიზიტებში, თუ არ ვცდები, ეს არის მეორე შემთხვევა. როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩემი აზრით, იმ ფონზე, რომ არც ერთი მათგანი არ არის კიევში ნამყოფი, არც ერთი მათგანი ასეთი მონდომებით არ ესაუბრება დასავლეთს NATO-სთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ეს იწვევს ეჭვებს და ეს პრობლემას შექმნის საერთაშორისო დონეზეც, იმიტომ, რომ პირდაპირ აცხადებს ამერიკა თავის მთავარ კონკურენტად ჩინეთს". - აღნიშნავს გრიგალაშვილი.

15 იანვარს ირაკლი კობახიძის მეთაურობით ქართული ოცნების დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაიწყო. კობახიძის თქმით, "ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის".

27 ივლისს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად ჩინეთში ჩავიდა. 

27 ოქტომბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.

კომენტარები