სტალინის გამოსახულება ხატზე

SOVLAB: სახელმწიფო არქივებზე წვდომას და საბჭოთა წარსულის კვლევას გვიზღუდავს

ტაბულა

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლება მათ არქივებზე წვდომას უზღუდავს, რაც საბჭოთა წარსულის კვლევას ართულებს. SOVLAB-მა ამ საკითხზე პრესკონფერენცია გამართა.

ლაბორატორიის მითითებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არაფორმალურად აკონტროლებს არქივებს, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ ერევა მათ გადაწყვეტილებებში და ზღუდავს მკვლევართა წვდომას აქ დაცულ დოკუმენტებზე.

"სტალინის განმადიდებელი ხატის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა და საზოგადოების ინტერესმა გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის, მეოცე საუკუნის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. ცოდნის წყარო არის დოკუმენტები, რომელიც დაცულია არქივებში [...] ამ არქივებში სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ აწესებდა შეზღუდვებს, რომლებმაც დღევანდელი მდგომარეობით შექმნა სიტუაცია, რომლის დროსაც უაღრესად გართულებულია არქივებში კვლევის წარმოება და რიგ შემთხვევებში პრაქტიკულად შეუძლებელია. იმდენად გართულებულია, ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ მსახურობს სახელმწიფოს პოლიტიკასთან, რათა საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის კვლევა იყოს, რაც შეიძლება რთული" - ამბობს SOVLAB-ის მკვლევარი გიორგი კანდელაკი. 

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბოროტად იყენებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას და ევროპულ რეგულაციებს. კერძოდ, 75 წელზე ნაკლები ხანდაზმულობის დოკუმენტებში სხვა დეტალებთან ერთად, ადამიანის სახელთა წაშლის გამო საბჭოთა ტოტალიტარული რეპრესიული აპარატის წევრთა მონაცემები მიუწვდომელია. 

SOVLAB საუბრობს ისეთ პრობლემებზეც, როგორებიცაა არქივებში დოკუმენტების დამალვის, არქივების გაურკვეველი მიზეზებით დახურვისა თუ დოკუმენტებისათვის ფოტოების გადაღების შეზღუდვის პრაქტიკა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მითითებით, აღნიშნული ქმედებები საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება და ხელს უწყობს საბჭოთა წარსულის ინსტრუმენტალიზაციას რუსული დეზინფორმაციის მიერ.

კომენტარები