საქართველო-ჩინეთი

ბოკერია: ჩინეთი დასავლეთთან ინტეგრაციის ალტერნატივა ვერ იქნება

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ ჩინეთში დელეგაციის გაგზავნას გამოეხმაურა. ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ამოცანებს არ შეესაბამება.

"ცალკე აღებული ჩინეთში ვიზიტის პრობლემა მდგომარეობს არა ჩინეთის ხელისუფლებასთან კონტაქტებში, არამედ იმაში, რომ ჩვენთვის სასიცოცხლო მიმართულებით ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ამოცანებს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვას გვაშორებს. იგულისხმება აქტიურობა ამ ისტორიულ მომენტში საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად, აშშ-სთან სტრატეგიული დაახლოებისთვის. ზოგადად, დასავლეთთან გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში დაახლოებისთვის, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ ამ კონტექსტშია შესაძლებელი - დასავლეთთან, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციის, კერძოდ, NATO-ში გაწევრიანებისა და შემდგომ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან ერთად". – თქვა გიგა ბოკერიამ ტაბულასთან საუბარში.

ბოკერიამ ყურადღება გაამახვილა, რომ დღეს ჩინეთსა და რუსეთს გეოპოლიტიკურ საკითხებში საერთო პოზიცია აქვთ. მისივე თქმით, ვინც ცდილობს საზოგადოება დააჯეროს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაში დასავლეთის გარდა შესაძლოა ჩინეთიც დაეხმაროს, იტყუება.

"ყველა, ვინც, ამ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი, ხალხს ეუბნება, რომ რაღაც ალტერნატივას იპოვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად, მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობის სახით, ან თავს იტყუებს, ან, ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაში, აშკარად ატყუებს ჩვენს საზოგადოებას. რადგან დღეს, გეოპოლიტიკურ საკითხებში ჩინეთი, სამწუხაროდ, რუსეთის მოკავშირეა. მათი პოზიცია ამ საკითხში, ზოგჯერ პასიურად, მაგრამ ცალსახად არის დასავლეთის, შეერთებული შტატებისა და თავისუფალი სამყაროს საწინააღმდეგო, სამწუხაროდ იმ სამყაროს საწინააღმდეგო, სადაც ჩვენი უსაფრთხოება და თავისუფლება შეიძლება იყოს გარანტირებული. ეს არის სიმართლე". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა.

ამას გარდა, ბოკერიამ ყურადღება მიაქცია საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შინაარსსაც. 

"ცალკე სპეციფიკური საკითხია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე როცა საუბრობენ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ისეთ დოკუმენტს, სადაც ნახმარია სლოგანი, რომელიც პუტინის რუსეთს ეკუთვნის და არა მხოლოდ ჩინეთს, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოება მეორეს ხარჯზე არ უნდა გაძლიერდეს - ეს არის სლოგანი უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ, ამ კონტექსტში არის ნახსენები და საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს ხელს არ უნდა აწერდეს, რადგან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ამოცანას, ვიყოთ დაცული, უსაფრთხო, სუვერენული ქვეყანა". – თქვა ბოკერიამ.

15 იანვარს ირაკლი კობახიძის მეთაურობით ქართული ოცნების დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაიწყო. კობახიძის თქმით, "ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის".

27 ივლისს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად ჩინეთში ჩავიდა. 

27 ოქტომბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.

კომენტარები