მოკავშირეების იერიში ჰუსიტებზე

აშშ: ჰუსიტების რაკეტა ჩამოვაგდეთ, რომელიც ამერიკული სამხედრო გემის მიმართულებით ისროლეს

ამერიკული სამხედრო გემი, USS Laboon, რომელზეც ჰუსიტებმა იერიშის მიტანა სცადეს
US Navy

 

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობის ინფორმაციით, ჰოდეიდას სანაპიროსთან ჰუსიტების ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკული სამხედრო გემის მიმართულებით იყო ნასროლი. ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობა X-ზე წერს

"გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ტერიტორიიდან იყო ნასროლი USS Laboon-ის (DDG 58) მიმართულებით, რომელიც წითელი ზღვის სამხრეთში მოქმედებდა". - წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა. 

აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ასევე წერს, რომ დაზიანებები არ დაფიქსირებულა. 


ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

ჩემი ბრძანებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა იემენში სამიზნეებზე იერიში მიიტანეს – ბაიდენი

12 იანვარს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.

აშშ: იემენში იერიში ჰუსიტების 60-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს, 10 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუსიტებს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ოთხმა ქვეყანამ: რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა, მხარი კი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა. 

ამასთან, იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ჰუსიტებზე მოკავშირეების იერიში დაგმო და "სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიად" მოიხსენია.

კომენტარები