ფინეთი-რუსეთი

გაზაფხულზე ფინეთი რუსეთთან საზღვარს გაამაგრებს

გაზაფხულზე ფინეთი რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის გამაგრებას გეგმავს. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle ქვეყნის პრემიერმინისტრზე, პეტერი ორპოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფინეთის მთავრობის მეთაურის თქმით ბოლო პერიოდში საზღვარზე სიტუაცია გამწვავდა. რუსეთიდან პირები არალეგალური გზით შემოსვლას ცდილობენ. პრობლემა იმაშია, რომ სასაზღვრო მონაკვეთი დიდია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საზღვარი არალეგალურად ოცმა ადამიანმა გადაკვეთა.

"თუ საჭირო გახდა, მივიღებთ დამატებით ზომებს. უმოქმედოდ არ დავრჩებით. გამოვიყენებთ კანონის ფარგლებში არსებულ ყველა საშუალებას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არსებული კანონმდებლობის შეცვლაზეც ვიფიქრებთ. არსებობს ფიზიკური კონტროლი, კრიტიკულ წერტილებში აშენებულია კედლები, გაზაფხულზე კიდევ უფრო მეტ დამცავ ნაგებობას ავაშენებთ". – ამბობს ორპო.

მას შემდეგ რაც რუსეთის მხრიდან გახშირდა არალეგალური მიგრანტების, ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მოქალაქეების შემოდინება, ფინეთმა რუსეთის საზღვარზე არსებული ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა. 

იანვრის დასაწყისში რუსეთ-ფინეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა 11-მა ირანელმა, რომლებიც მოგვიანებით სასაზღვრო პოლიციამ დააკავა.

კომენტარები