მოკავშირეების იერიში ჰუსიტებზე

ჩემი ბრძანებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა იემენში ჰუსიტების სამიზნეებს დაარტყეს – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ხომალდებიდან, ავიაგამანადგურებლებიდან და წყალქვეშა ნავიდან დაწყებული იერიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, "აშშ-ს სამხედრო ძალებმა - გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, და ავსტრალიის ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების დახმარებით - იემენში ჰუსიტი ამბოხებულების მართვის ქვეშ მყოფ რამდენიმე სამიზნეზე, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე მიმოსვლის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს, წარმატებით იერიშები მიიტანა".

ბაიდენის ცნობით, ეს პასუხია იმ უპრეცედენტო თავდასხმებზე, რომლებიც ჰუსიტებმა ბოლო პერიოდში წითელ ზღვაში მცურავ საერთაშორისო საზღვაო ხომალდებზე მიიტანეს.

"ეს წერტილოვანი იერიშები აშშ-ს ნათელი გზავნილია და ჩვენი პარტნიორები ჩვენს პერსონალზე თავდასხმებს არ მოითმენენ და ნებას არ მისცემენ, მტრულ აქტორებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე კომერციულ გზაზე გადაადგილების თავისუფლება საფრთხეში ჩააგდონ". - წერია ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, "მე არ ვიყოყმანებ, რათა ჩვენი ხალხის დასაცავად და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლად მოძრაობისთვის, დამატებითი ზომები მივიღო".

ბაიდენის განცხადებამდე გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.

ამ დროისთვის საჰაერო იერიშები დედაქალაქ სანასა და წითელ ზღვის პორტ ჰოდეიდაში მდებარე იემენელი ჰუსიტების სამიზნეებზე მიიტანეს. ბოლო ინფორმაციით, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებმა ათეულობით სამიზნეზე მიიტანეს იერიში, რაც რადარის სისტემებს, ასევე დრონების, ბალისტიკური რაკეტებისა და ფრთოსანი რაკეტების საწყობებსა და გასაშვებ პუნქტებს მოიცავს.


ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

კომენტარები