სტალინის გამოსახულება ხატზე

საპატრიარქო: მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო სტალინის გამოსახულებიანი ხატის გარშემო მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მოუწოდებს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს. 

"ა.წ. 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავისი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება.

ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქთანაც შეთანხმებული.

შევნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია ხატების და სიწმინდეების მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს და ახლაც ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს.

ხატების, სიწმინდეების და ზოგადად ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაუშვებელია მკრეხელობა და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები მათ მიმართ და ამგვარი ქმედებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად სახელდება. თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.

მიმდინარე პროცესებმა, ბუნებრივია, მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და  ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს" - წერს საქართველოს საპატრიარქო. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა და "ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს". ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმაც გააკეთა კომენტარი. მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.

9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.

10 იანვარს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა

საქართველოს საპატრიარქომ 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია - "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ".  საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.

ქოცორკმა ბექა ვარდოსანიძემ "სამარცხვინო" უწოდა საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, მატრონა მოსკოველის ხატზე შეიცვალოს სტალინის გამოსახულება. მას პატრიარქის პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ განცხადება ილია მეორესთანაა შეთანხმებული.

"უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული. თავად განსაჯეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი [ბექა ვარდოსანიძე] და რამდენად სანდოა ეს გზა" - დაწერა მამა ანდრიამ.

ამის შემდეგ, ბექა ვარდოსანიძემ პატრიარქის პრესმდივანს მიმართა - "რელიგიურ და კულტურულ ომში კაპიტულაციას არ მოიწონებს ხალხი".

"მათ წისქვილზე რომ დაასხით წყალი, ჯობდა, ეს სამარცხვინო განცხადება არ გაგეკეთებინათ საერთოდ. ნანუქა ქაჯაიას და ტვ წიოკის (მადლი) გფარავდეთ აწი, ჩემი დახმარების და დაცვის იმედი ნუ გექნებათ აწი. სულ არ მაინტერესებს მე ქოცებთან როგორ ლობი გექნებათ და მათ LGBT აქტივისტების ტელევიზიაში ირბინეთ, ბევრს მოიგებთ კიდევ" - დაწერა ვარდოსანიძემ.

კომენტარები