პოლიციელის მხრიდან ძალადობა

გორში პოლიციელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ

GMnews

გორის პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც ტაბულას სპეციალური საგამოძიებო სამსახურში ეუბნებიან, გამოძიება 30 დეკემბერს, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

როგორც სერგო ბიჩენოვი ტვ პირველთან საუბრისას ამტკიცებს, მასზე სამართალდამცავმა, მეტსახელად ჯოყოლიჩმა, ფიზიკურად იძალადა.

"მტაცა ხელი, რამდენს ლაპარაკობო და დამიწყო ძალადობით გათრევა. რომ ვუთხარი, რის საფუძველზე მაკავებთ-მეთქი, ბევრს ნუ ლაპარაკობო და ჩამსვეს პიკაპში, დამადეს ბორკილები. მანქანაში რომ დამსვეს, გვერდით მომიჯდა ეს ჯოყოლიჩი. "ფუ, შენნაირი კაცის დედაო" - ასე მითხრა და შემაფურთხა, რაზეც ბუნებრივია, ჩვეულებრივი პასუხი დავუბრუნე, შევაგინე მეც.

გამოვიდა წყობილებიდან და დამიწყო რტყმა. ხელებზე ბორკილები მქონდა, მძიმე წუთები განვიცადე, 14 დარტყმა ავიტანე და მე-15-დან აღარ მახსოვს აღარაფერი. გონება დავკარგე. დაზიანება მივიღე ყურიდან, ჩირქში მაქვს ეს ადგილი". - ამბობს სერგო ბიჩენოვი.

კომენტარები