ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ზურაბიშვილი გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად, მისი არჩევანი იყო

პარტია ქართული ოცნების ახლად არჩეული ე.წ. საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი "დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად". ამის შესახებ მან ქართული ოცნების ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

გარდა ამისა, ივანიშვილმა აღნიშნა: "ეს მისი [ზურაბიშვილის] არჩევანი იყო. სხვა რა გითხრათ".

30 დეკემბერს ტვ იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებდა. მოგვიანებით, იმავე დღეს ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ ახლად შემოღებულ თანამდებობაზე სწორედ ივანიშვილი აირჩია. 

როგორც ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების" გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას". - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები