წამლების ფასები

კონკურენციის სააგენტომ 4 სააფთიაქო ქსელი ჯამში 53 მილიონი ლარით დააჯარიმა

NHS

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი, ავერსი, PSP, გეფა (ფარმადეპო, GPC) და მერმისი ჯამში 53 მილიონი ლარით დააჯარიმა. უწყების ცნობით, 2021-2023 წლებში ამ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. 

"სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული  მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულია 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, სააფთიაქო ქსელების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს. სააგენტომ იდენტური ფასის 88 შემთხვევა გამოავლინა.

ავერსისა და გეფას (GPC, ფარმადეპო) შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, PSP-ს შემთხვევაში 81 ფაქტს, მერმისის შემთხვევაში კი 29 ფაქტს". - წერია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტომ ავერსი 14 402 425, PSP 17 094 872, გეფა (ფარმადეპო, GPC) 20 349 336, მერმისი კი 951 301 ლარით დააჯარიმა.

სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული ქმედება კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას წარმოადგენს და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. 

სააგენტოს განცხადებით, მოკვლევის დაწყების საფუძველს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდისა და ამავე წამლებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა


პარლამენტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები გასულ წელს მიიღო. პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული პროდუქტების რეფერენტული ფასების  ჩამონათვალი დაამტკიცა. 

რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.

ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თუკი ფარმაცევტული სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

ზღვრული ფასების დაწესებიდან ერთ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, "ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა". კერძოდ, სამინისტროს მტკიცებით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა".

კომენტარები