წამლების ფასები

PSP, ავერსი და მერმისი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

სააფთიაქო ქსელები, PSP, ავერსი და მერმისი მათი დაჯარიმების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა.

"ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები, ავერსი, PSP და მერმისი აღნიშნული მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხებიან და სამივე მათგანი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში ოპერირებს და მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფას მაქსიმალურად ცდილობს". - წერია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი, ავერსი, PSP, გეფა (ფარმადეპო, GPC) და მერმისი ჯამში 53 მილიონი ლარით დააჯარიმა. უწყების ცნობით, 2021-2023 წლებში ამ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.

სააგენტომ ავერსი 14 402 425, PSP 17 094 872, გეფა (ფარმადეპო, GPC) 20 349 336, მერმისი კი 951 301 ლარით დააჯარიმა.

კომენტარები