წამლების ფასები

ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ფასებზე კომპანიებს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს

NHS

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ის წამლები, რომლებზეც რეფერენტული ფასები ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება. სამინისტროში ამბობენ, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს.

"მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში კი 1 000%, 2 000% და 3 000%-იანი ფასნამატით იყიდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას. 

ჯანდაცვის სამინისტროსთვის წამლების ფასის ხელოვნური ზრდა მიუღებელია. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, მოქალაქეებს აზარალებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, ისინი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავენ, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემენ.

ასევე, სამინისტროში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში, სახელმწიფო ამ წამლებზე რეფერენტულ ფასებს დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება.

კომენტარები