წამლების ფასები

წამლების ფასების კონტროლი და შესაძლო დეფიციტი: ანუ, როგორ ერევა სახელმწიფო ფარმაცევტულ ბაზარზე

წამლების ფასები

წამლების ფასების კონტროლი და შესაძლო დეფიციტი: ანუ, როგორ ერევა სახელმწიფო ფარმაცევტულ ბაზარზე

15 თებერვალს ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სხვა უფლებამოსილებასთან ერთად, ბაზარზე წამლების ფასების დადგენის სივრცესაც უტოვებს. რეგულაციის ფარგლებში, მთავრობამ კერძო კომპანიებს წინასწარ განუსაზღვრა ფასის ჭერი, რომელზე ძვირადაც აფთიაქებში წამლები აღარ გაიყიდება. 

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ფასების პოლიტიკა ბაზარზე არსებულ ყველა მედიკამენტს შეეხება. აზარაშვილის თქმით, რეგულირება 3 ეტაპად იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება.

რეალურად ის, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ახალი რეგულაციით აკეთებს, ეკონომიკის კანონების სახელმწიფო განკარგულებებით შეცვლის მცდელობაა. ბუნებრივია, იგი ვერ შეიცვლება - თუ მთავრობა რაიმეს ხელოვნურად გაიაფებას შეეცდება, ის მალევე ამოეწურება - მოთხოვნა გადააჭარბებს მიწოდებას, შეიქმნება დეფიციტი.

წამლების ფასებზე კონტროლის დაწესებით არამხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეები ზიანდებიან, სადაც რეგულაცია წესდება, არამედ, მთლიანობაში, ფარმაცევტული მედიცინის განვითარება ფერხდება. მაგალითად, 2017 წელს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კვლევის მიხედვით, OECD-ის ქვეყნებში წამლებზე ფასების კონტროლმა გამოიწვია ის, რომ ყოველწლიურად ევროპა 5-8 მილიარდამდე დოლარის პოტენციურ ინვესტიციებს კარგავს. ინვესტიციებს, რომლითაც ყოველწლიურად დაახლოებით 3 ახალი წამლის შექმნაა შესაძლებელი.

რეალურად, წამლებზე ფასების კონტროლმა შესაძლოა მოსახლეობას მცირე, მოკლევადიანი დანაზოგი შეუქმნას, თუმცა იგი ბევრად უფრო დიდი პრობლემის წინაშე გვაყენებს, როგორიცაა პაციენტების შეზღუდული წვდომა მედიკამენტებზე, წამლების იმპორტის გაზრდილი ლოდინის პერიოდები, ბაზარზე ახალი მედიკამენტების შემოტანის ინცენტივის გაქრობა და ა.შ.

რეფერენტული ქვეყნების შერჩევის კრიტერიუმები

რეფერენტულ ქვეყნებად ჯანდაცვის სამინისტრომ ევროკავშირის 2  ქვეყანა, ლატვია და ბულგარეთი და 2 კანდიდატი - ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო დაასახელა. საინტერესოა, რომ რეფერენტული ფასების რეგულაციის კარგი გამოცდილება არც თავად ბულგარეთში არსებობს, სისტემის დანერგვიდან დაახლოებით ერთ წელიწადში აფთიაქებიდან 200-მდე დასახელების მედიკამენტი გაქრა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ  ევროკავშირის ეს ყველაზე ღარიბი ქვეყნებიც კი, ეკონომიკურად საქართველოზე გაცილებით მდიდრები არიან. ბულგარეთი, რომელიც ალიანსის სხვა ქვეყნებისგან კატასტროფულად მაღალი ჯანდაცვის ხარჯებით გამოირჩევა, მედიკამენტებზე საქართველოზე დაახლოებით ორჯერ მეტს ხარჯავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ და იმ ქვეყნებს, რომელთა დაკვირვების შედეგადაც უნდა დადგინდეს წამლის ფასი, ჯანდაცვაში განსხვავებული ხარჯების სტრუქტურა გვაქვს. გარდა ამისა, განსხვავებულია დაფარვა სახელმწიფოს მხრიდან, განსხვავებულია სადაზღვევო სექტორის ჩართულობაც. ეს ყველაფერი აჩენს კითხვას იმაზე, თუ რამდენად ჰომოგენურია ის ფაქტორები, რომლებსაც ქვეყნების არჩევისას სახელმწიფო არგუმენტად იყენებს. 

წამლების ჯგუფების შერჩევა

რეფერენტული ფასების პოლიტიკისთვის სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებს ირჩევს, მაგრამ ლიტერატურაზე დაყრდნობით, ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილში ფასების რეგულირება ძირითადად სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებად და რეცეპტებით გაცემად მედიკამენტებს შეეხებათ. კერძოდ ავსტრიაში, ხორვატიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლატვიასა და სხვა ქვეყნებში რეგულაცია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებად მედიკამენტებზე ვრცელდება.

მედიკამენტების ფასების განახლების სიხშირე და ვალუტის კურსი

წამლებზე რეფერენტული ფასების პოლიტიკის გატარება საკმაოდ ცოცხალი და დინამიკური პროცესია, ვინაიდან ბაზარზე მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რომელ ვალუტაში ხდება ფასის დადგენა და შესაბამისად, ამ ვალუტის სიმყარე. ამ მხრივ, საინტერესოა ყახაზეთის მაგალითი, სადაც რეფერენტული ფასების რეგულაციის შემოღებისას სახელმწიფომ ფასის ზედა ზღვარი ეროვნულ ვალუტაში დააფიქსირა, ხოლო ტენგეს [ეროვნული ვალუტის] გაუფასურების დროს წამლის ღირებულება იმდენად შემცირდა, რომ ამან ფარმაცევტული კომპანიები თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფასების გეგმური გადახედვა გათვალისწინებულია წელიწადში ერთხელ. სამინისტროს ცნობით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების კომისია გეგმიურზე ადრე ფასების ზედა ზღვარს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენტულ ქვეყნებში ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასის განმსაზღვრელი ფაქტორები არსებითად შეიცვალა. თუმცა, რას შეიძლება ნიშნავდეს “არსებითი ცვლილება”, უცნობია. 

ნიშანდობლივია ისიც, რომ გადახედვის მექანიზმი არა მხოლოდ ფასების პოლიტიკის, არამედ 2013 წელს ჰოსპიტალურ სერვისებზე დაწესებული ტარიფების ნაწილიც იყო. თეორიულად, ტარიფები ყოველწლიურად უნდა შემოწმებულიყო და ინფლაციის მაჩვენებელთან თანხვედრაში მოსულიყო, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ ფასებს მხოლოდ 10 წლის შემდეგ გადახედა.

საქართველოში წამლების რეფერენტული ფასის სისტემა და მოსალოდნელი დეფიციტი

მედიკამენტებზე მაღალი ფასები საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი და მათი გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. 2021 წლის WHO-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ჯიბიდან ჯანდაცვაზე გადახდილი ყოველი 10 ლარიდან 7 მედიკამენტებზე იხარჯება, ხოლო მოსახლეობის მესამედისთვის წამლების შეძენა უმთავრესი პრობლემაა. ხარჯები განსაკუთრებით მაღალია უღარიბესი ფენისთვის - 90%-ის კიდევ უფრო გაღარიბების მთავარი მიზეზი სწორედ ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯია. 

რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ბაზრის დაახლოებით 20%–ს მოიცავს. აზარაშვილის თქმით, დღევანდელ ფარმაცევტულ ბაზარზე რეგისტრირებულ 14 ათასამდე სხვადასხვა მედიკამენტზე, რეფერენტული ფასები სამ ეტაპად დაწესდება. დარჩენილია ორი ეტაპი, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ვახტანგ კალოიანის შეფასებით, რეფერენტული ფასების პოლიტიკას რამდენიმე შედეგი ექნება. მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ფასები შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, გარკვეულ მედიკამენტებსა და სახარჯ მასალაზე დეფიციტი შეიქმნება. 

“დეფიციტი მოსალოდნელი და ლოგიკურიცაა, ვინაიდან იქ, სადაც ფასები ფიქსირებულია, ბიზნესისთვის ინტერესი ნაკლებია, მარტივი ეკონომიკური კანონია - ბაზრის მოთამაშეები ჩათვლიან, რომ აქ არ ღირს წამლის გაყიდვა, შესაბამისად, შეიქმნება დეფიციტი”. - ამბობს კალოიანი.

კალოიანის განმარტებით, დეფიციტის შექმნის შემდეგ სახელმწიფო იძულებული გახდება, თავად შეისყიდოს მედიკამენტები, რაც კორუფციისა და ბიუჯეტის ირაციონალურად განაწილების მაღალ რისკს შეიცავს. გარდა ამისა, ის თვლის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული, მათ შორის კერძო სექტორიც.

“დეფიციტის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების რეგულარულ სპირალს მივიღებთ, რაც ჯანდაცვის დანახარჯებს იმდენად გაზრდის, რომ მოქალაქე რეალურ ეფექტს ვეღარ იგრძნობს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი ფასების კლების. ერთი 2009 წელს, როდესაც ბევრი ქვეყნისთვის აღიარებითი რეჟიმი გავხსენით, ანუ, გაჩნდა კონკურენცია და ამან დაახლოებით 30%-იანი კლება მოგვცა. ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა თურქეთის ბაზრის გახსნასაც, რამაც 200 მილიონით შეამცირა დანახარჯები. პირდაპირი იმპორტისა და კერძო სექტორის რესურსების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა, ერთი მხრივ, მივიღოთ კონკურენტული ფასი და, მეორე მხრივ, მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე.

რეალურად, ბაზარი ბევრად უკეთ ადგენს რეალურ ფასს, ვიდრე ნებისმიერი ჩინოვნიკი, რაც არ უნდა კეთილი მიზნები ამოძრავებდეს მას. ის გზა, რომელსაც დღეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სახავს, რეალურად კეთილი სურვილებით გზაა ჯოჯოხეთისკენ - როცა გვსურს, რომ მოქალაქეებს ხარისხიან მედიკამენტებზე წვდომა დაბალ ფასად ჰქონდეთ და საბოლოოდ, საპირისპირო შედეგს ვიღებთ”. - დასძინა კალოიანმა.

კომენტარები