ქრისტეშობა 2023

მამა აკაკი ჭელიძე: ბეთლემის ბაგაზე წევს ის, ვინც სახე უცვალა ჟამთასვლას

ქრისტეშობა 2023

მამა აკაკი ჭელიძე: ბეთლემის ბაგაზე წევს ის, ვინც სახე უცვალა ჟამთასვლას

იმედი ის ყველაზე ღრმა კვალია, რაც ღმერთს დაუტოვებია ადამიანის გულშიო - მახსენდება მავანის მიგნება, დიდსულოვნად რომ გამიზიარა.

ვერცერთი სხვა კვალი: ბედნიერების, სამართლიანობის, მარადისობის, მარადიული ბედნიერების წყურვილისა თუ მშვენიერების აღქმის ვერ არის ისეთი სიღრმის, როგორიც იმედი.

ის ძალას გვაძლევს თვალი გავუსწოროთ ყოველ ახალ წამს და მოქმედებს მუდამ, მაშინაც, როცა, შესაძლოა, ვერც ვამჩნევთ - ზუსტად ისე, როგორც სუნთქვა და გულისცემა გვრჩება ყურადღების მიღმა.

კარს მოგვადგა დღეები, როცა კეთილი სურვილებით მივულოცავთ ერთმანეთს იმ ახალი წელიწადის შემობრძანებას, რომელიც დაგვავიწყებს ზუსტად ერთი წლით ადრე ნალოლიავებ იმედებს, გასულმა წელმა რომ ვერ გაამართლა და ალბათ ამის გამოც დარცხვენილი მიიპარება ისტორიის სცენიდან.

თუმცა, სამართლიანია, ყოველ ჯერზე მქონდეს ამბიცია, მოვთხოვო ცხოვრებას ის, რის გარეშეც ის სრული ვერ იქნება.

და ჩემი მოლოდინების აღსრულების ნაცვლად მზერა იმისკენ მივმართო, ვისაც ძალუძს ამ ჩემი მოლოდინების გადახედვაში დახმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ მიცნობს გაცილებით უკეთ, ვიდრე მე ვიცნობ საკუთარ თავს.

ბეთლემის მღვიმეში ბაგაზე წევს ის, ვინც სახე უცვალა ჟამთასვლას და სამყაროს.

შემოქმედი ხდება ქმნილება და ის მყიფე არსება, რომელმაც ყველაფერი სხვისგან უნდა მიიღოს.

იგი ის დალოცვაა, რომლითაც ღმერთი ყველას ლოცავს. დალოცვა და კურთხევა ხალხს ისე ესმის ხოლმე, როგორც „ნებართვა“, არადა, არ შეიძლება მისი დაყვანა ამ ვიწრო გაგებამდე.

დალოცვა და კურთხევა ნებართვაზე გაცილებით მეტია და ნიშნავს კეთილ სიტყვას, რომელიც სიცოცხლის სურვილს გიჩენს, გიღვიძებს, ფეხზე გაყენებს და წინ მიჰყავხარ.

შობას ღმერთმა დალოცა კაცობრიობა და მათ, ვისაც პრეტენზია აქვთ, რომ იცნობენ ბეთლემის ბაგაზე გაცხადებულს მართებთ ახსოვდეთ, რომ ვერასოდეს გახდებიან იმის მსაჯულნი, ვინ დალოცონ და ვინ არა.

კომენტარები