საქართველო-გერმანია

კირთაძე გერმანიის საზმაუზე: მოვუწოდებთ მთავრობას, დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია

თენგო კირთაძე ევროპული საქართველოს კონფერენციაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

19 დეკემბერს საქართველოს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი ესტუმრა. ვიზიტის შემდგომ, გერმანიის საზოგადოებრივმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრებისთვის დასავლეთ ბალკანეთის მოდელით დასაქმება შესთავაზა, ხოლო "საქართველოს მთავრობისთვის ეს სრულებით უინტერესო იყო". 

 დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს. 

ევროპული საქართველო ეხმაურება გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებულ ინფორმაციას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაადასტუროს ან უარყოს აღნიშნული ინფორმაცია და დადასტურების შემთხვევაში, განმარტოს უარის თქმის მიზეზები. 

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში სტუმრად იყო გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც ქართულ მხარესთან ხელი მოაწერა მიგრაციასთან და მობილობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას. გუშინ, გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რაც შეეხება ამ ვიზიტის მოსამზადებელ პერიოდს და აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერაციამ შესთავაზა ქართულ მხარეს ქართველი დასაქმებულებისთვის დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მიხედვით, გამარტივებული პროცედურებით, გერმანიის სამუშაო ბაზრის გახსნა დ ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ინტერესი არ გამოიჩინა. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია და დადასტურების შემთხვევაში, ახსნას, თუ რატომ შეუშალა ხელი ქართველი დასაქმებულების მიგრაციას გერმანიაში ლეგალურად და მაღალ ანაზღაურებად სამსახურებში". – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე.

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ შესაძლებლობა დაუკარგა მოქალაქეებს, ლეგალურად იცხოვრონ, დასაქმდნენ და მაღალი ანაზღაურება ჰქოდნეთ გერმანიაში.

"აღნიშნული გადაწყვეტილება, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, საქართველოს მთავრობამ შესაძლებლობა დაუკარგა საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც არალეგალურად არიან, დასაქმდნენ ლეგალურად და მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო და ცხოვრების უფლება. პირველ ნაწილში, რომელიც ეხება გერმანიიდან დეპორტაციას, საქართველოს მთავრობა გერმანიასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს, ხოლო იმ ნაწილში, რომელიც ლეგალურად დასაქმებას ეხება, სამწუხაროდ, უარი თქვა საქართველოს მთავრობამ და შესაძლებლობა დაუკარგა ჩვენ მოქალაქეებს, ლეგალურად იცხოვრონ გერმანიაში, მიიღონ მაღალი ანაზღაურება, ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა და არ იყვნენ დეპორტაციის მუდმივ შიშში". – თქვა დონაძემ.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის ვიზიტის შედეგად ქვეყნებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას განიხილავს.

როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, გერმანიას ქართველ არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ორი მიზანი აქვს: "საქართველოს ნაკლებმა მოქალაქემ მოითხოვოს გერმანიისგან თავშესაფარი, რადგან ისინი, როგორც წესი, თავშესაფარს ვერ იღებენ და ეს პროცედურები ისედაც დატვირთულ გერმანულ ბიუროკრატიას კიდევ უფრო აწვება. ამის ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეები ემიგრირდნენ ჩვეულებრივ შრომის ბაზარზე, რადგან გერმანიას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აქვს".

მაუწყებლის ცნობით, მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრებისთვის დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მიხედვით, საკუთარი სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა. დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს. როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, "გერმანიის პერსპექტივიდან ეს ლოგიკური შეთავაზებაა, თუმცა, საქართველოს მთავრობისთვის სრულებით უინტერესო".

გამოცემა წერს, რომ საქართველო "ტვინების გადინების" პროცესს ისედაც განიცდის: "უამრავმა განათლებულმა ახალგაზრდამ ქვეყანა უკვე დატოვა, ქვეყანაში დარჩენილი კადრები კი საქართველოს თავადვე აუცილებლად სჭირდება". გამოცემის შეფასებით, ქვეყნიდან გადინების მიზეზი ზოგ შემთხვევაში კარიერული პერსპექტივის ნაკლებობაა, ზოგში კი, რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაცია.

როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, იოაჰიმ შტამპი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით "შეთანხმება საქართველოს იმ მოქალაქეებზე შედგა, რომლებმაც სამშობლო უკვე დატოვეს და ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან". მისივე თქმით, სწორედ ამ კადრებს მიიწვევენ გერმანიის სამუშაო ბაზარზე "განსაკუთრებით ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და ზრუნვის სფეროში, სადაც გერმანია კადრების ნაკლებობას განიცდის".

მაუწყებელს მაგალითისთვის მოჰყავს ის ქართველები, რომლებიც პოლონეთში ან საბერძნეთში დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ. ისინი, შესაძლოა, გერმანიის სამუშაო ბაზარზე უკეთესი პირობებით დასაქმდნენ. 

გერმანიის ფედერალური ხელისუფლების ცნობით, ქვეყნები უკვე მუშაობენ საქართველოს იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე, რომლებსაც გერმანიაში ყოფნის ლეგალური უფლება არ აქვთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და სანაცვლოდ, გერმანია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონურად მუშაობენ, უკეთეს პერსპექტივას შესთავაზებს.

თანამშრომლობა გაღრმავდება სხვადასხვა სფეროში დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებით და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით, მაგალითად, სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლითი პროგრამებით. ამისთვის საქართველოს ჩართულობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება.

როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, გერმანიის ფედერალური ხელისუფლება მსგავსი შეთანხმების მიღწევას მოლდოვასთანაც შეეცდება.

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძეს შეფასებით, თუ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ "საქართველოს მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს დაუკარგა  მაღალანაზღაურებადი, ლეგალური სამსახურის შესაძლებლობა, ასევე, დაზღვევის მიღების უფლება".

"დეპორტაციის ნაწილში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს გერმანიასთან, ხოლო რაც შეეხება შრომის ბაზრის გახსნას, ამ ნაწილში საქართველოს მთავრობამ თანამშრომლობაზე უარი თქვა. ფაქტობრივად საქართველოს მთავრობამ ამ ადამიანებს დაუკარგა მაღალანაზღაურებადი და ლეგალური სამსახურის მიღების შანსი და დატოვა დეპორტაციის მუდმივ შიშში". - აღნიშნა დონაძემ.


შეგახსენებთ, 17 დეკემბერს, საქართველოში ვიზიტამდე ნენსი ფეზერმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით უფრო გაძლიერდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის შესაზღუდად.

გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მომავალში არალეგალური მიგრაციის მუდმივ შემცირებას ისახავს მიზნად. უწყების ინფორმაციით, ამ კუთხით საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მათ შორის, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, 15.6% საქართველოდან და მოლდოვიდან იყო. მათივე ინფორმაციით, მსგავსი ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოლდოვის რესპუბლიკასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და მაროკოსთანაც.

ამასთან, გერმანული უწყების ცნობით, ხელშეკრულებით გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველებისთვის ახალი პერსპექტივები იქმნება.

შოლცი: გერმანიიდან ხალხი უფრო ხშირად და უფრო ჩქარა უნდა დავადეპორტოთ

"გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები სპეციალურად ფართოვდება, რათა ხელი შეუწყოს მესამე ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არასტაბილური სამუშაო ურთიერთობებიდან გასვლას. ამ მიზნით საქართველოსთან შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება". - ნათქვამია გერმანიის შსს-ს განცხადებაში. აქვე მითითებულია, რომ ქვეყნებს შორის გაძლიერდება თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გაფართოებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, 16 ნოემბერს გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა.

კანონმდებლების განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის შემცირებას ისახავს. უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიცირება ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების აპლიკაციები თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ უფრო სწრაფად განიხილება, რაც შესაძლებელს გახდის დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მთავარი კრიტერიუმი კი პოლიტიკური დევნის საფრთხის  არარსებობაა.

ამასთან, 17 დეკემბერს გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, გერმანელი კანონმდებელი, იენს შპანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ყველა ახალი ლტოლვილი, "რომელიც ევროკავშირში არალეგალურად ხვდება", გააგზავნონ განაში, რუანდაში, ან აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან - საქართველოსა და მოლდოვაში.

მესამე ქვეყანაში მიგრანტების გაგზავნის წინადადება გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) მიერ 11 დეკემბერს წარდგენილი ახალი პოლიტიკური პროგრამის პროექტში მიგრაციის კონცეფციის საფუძველია. შპანის განმარტებით, მიზანია მესამე ქვეყნებთან "შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლტოლვილები გაივლიან თავშესაფრის მიღების პროცედურებს და შეეძლებათ იქ უსაფრთხოდ დარჩენა, თუ მათ დაცვას მიანიჭებენ".

აღსანიშნავია, რომ გერმანია არაა ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელიც არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით მსგავსი პოლიტიკის მომხრეა. 31 მაისს Politico წერდა, რომ დიდი ბრიტანეთი მოლდოველი მიგრანტების დაბრუნების ახალ სქემაზე კიშინიოვთან მოლაპარაკებებს იწყებდა. გამოცემის ინფორმაციითვე, სუნაკს უნდა გამოეცხადებინა საქართველოსთან მსგავსი შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებითაც.

ამასთან, გაერთიანებულ სამეფოში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. რუანდის კანონპროექტის განხილვაც, რომლის ძალაში შესვლის შემთხვევაშიც, ქვეყანაში არალეგალური გზით შესულ თავშესაფრის მაძიებლებს რუანდაში გაგზავნიან. კანონპროექტს 12 დეკემბერს პირველი მოსმენით პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

"ბრიტანელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ მოვა ამ ქვეყანაში - არა კრიმინალურმა ბანდებმა ან უცხოურმა სასამართლოებმა. ეს არის ის, რასაც ეს კანონპროექტი მოგვცემს. ჩვენ ახლა ვიმუშავებთ, რომ ის კანონად ვაქციოთ, რათა რუანდისკენ ფრენები დაიწყოს და ნავების მოძრაობა შეჩერდეს". - დაწერა პარლამენტში გამართულ კენჭისყრასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა.

კომენტარები