კონგლომერატების გაერთიანება

Axios: Warner Bros. Discovery და Paramount Global გაერთიანებას განიხილავენ

Warner Bros. Discovery და Paramount Global
Axios / Warner Bros. Discovery, Paramount Global

Axios-ის ინფორმაციით, ორი მსხვილი მედია კონგლომერატი, Warner Bros. Discovery და Paramount Global გაერთიანებას განიხილავენ. გამოცემა წერს, რომ Warner Bros. Discovery-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი დევიდ ზასლავი Paramount Global-ის მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელ ბობ ბაკიშს კომპანიების შესაძლო გაერთიანების განსახილველად შეხვდა.

გამოცემის წყაროების თანახმად, ზასლავი და ბაკიში ერთმანეთს Paramount-ის შტაბ-ბინაში შეხვდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრეს. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს, რანაირად შეუძლიათ კომპანიებს ერთმანეთის გაძლიერება. ჯერჯერობით უცნობია, WBD უშუალოდ Paramount Global-ის თუ მისი მშობელი კომპანიის, National Amusements Inc.-ის ყიდვას აპირებს, თუმცა წყაროები ამბობენ, რომ ორივე ვარიანტი განიხილება. 

Axios-ის მიხედვით, ამ გარიგებას მსოფლიო მედიისთვის მრავალი მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად CBS News და CNN შეიძლება გაერთიანდეს. გამოცემა ასევე წერს, რომ შესაძლოა, ორივე კომპანიის სტრიმინგ პლატფორმები Paramount+ და Max ერთმანეთს შეერწყას და Netflix-სა და Disney+-ს კონკურენცია უკეთ გაუწიოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Paramount-ს მსხვილი ვალები აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება, სტრატეგიული პარტნიორი ან მყიდველი მოიძიოს. 

გამოცემა ასევე წერს, რომ ზასლავის ხელმძღვანელობით ჩატარებული სხვა გაერთიანებებიც მსგავს სტრატეგიას იზიარებდა.

კომენტარები