პოლონეთი

პოლონეთის ახალმა მთავრობამ საზოგადოებრივი მედიების ხელმძღვანელობა დაითხოვა

პოლიცია პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში
Wojtek Radwanski/AFP/Getty Images

პოლონეთის ახალმა მთავრობამ პოლონეთის საზოგადეობრივი მაუწყებლის (TVP), პოლონური რადიოსა და პოლონეთის ბეჭდვის სააგენტოს (PAP) ხელმძღვანელობა და სამეთვალყურეო საბჭოები დაითხოვა

ერთი დღით ადრე, პარლამენტმა რეზოლუცია გამოსცა, რომელშიც პოლონეთის კულტურის სამინისტროს "სანდო ინფორმაციაზე მოქალაქეთა წვდომის, საჯარო მედიის ფუნქციონირებისა და მათი დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის" აღსადგენად გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. 

ამ რეზოლუციის ფონზე, პოლონეთის კულტურის მინისტრმა ბართლომიეი შენკევიჩმა საზოგადოებრივი მედია საშუალებების ხელმძღვანელობა გაათავისუფლა. სამინისტროს თქმით, ისინი მედიის კომპანიებში "სახელმწიფო ხაზინის საკუთრების უფლებას ახორციელებდნენ". 

"აღნიშნული კომპანიებისთვის მინისტრმა ახალი სამეთვალყურეო საბჭოები დანიშნა, რომლებმაც, თავის მხრივ, ახალი მენეჯმენტის საბჭოები დანიშნეს". – წერია სამინისტროს განცხადებაში. 

ეს ნაბიჯი პოლონეთის ახალი მთავრობის დაწყებული რეფორმების ტალღის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ახალმა პარლამენტმა ყოფილი მთავრობის ქმედებების გამოსაძიებლად სპეციალურ კომისიები შექმნა და უსაფრთხოების სააგენტოების ხელმძღვანელობა შეცვალა. ყოფილი მთავრობის კრიტიკოსთა თქმით, წინა მთავრობა სახელმწიფო მედიასაც მკაცრად აკონტროლებდა. 

ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები და პარტია კანონი და სამართლიანობის წევრები ამ ნაბიჯს კრიტიკით შეხვდნენ. ახლანდელი ოპოზიციონერები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შევიდნენ და მისი შტაბ-ბინა დაიკავეს, რის გამოც ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. 

"ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვისგან მოდის შეტყობინება, იქნება ეს კანონი და სამართალი თუ სხვა პარტია". – თქვა პოლიციის სპიკერმა. 

პოლონეთის პრეზიდენტმა და კანონისა და სამართლიანობის წევრმა ანდჟეი დუდამ მინისტრთა საბჭოსა და პრემიერმინისტრს პოლონეთის სამართლებრივი წესრიგის პატივისცემისკენ მოუწოდა. 

"პოლიტიკური მიზანი კონსტიტუციური პრინციპებისა და კანონის დარღვევის საბაბი ვერ იქნება. შესაბამისად, საზოგადოებრივ მედიასთან მიმართებით კულტურის მინისტრის დღევანდელ ქმედებებთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკსა და მინისტრთა საბჭოს მოვუწოდებ, პატივი სცენ პოლონურ სამართლებრივ წესრიგს". – წერს დუდა X-ზე (ყოფილი Twitter-ი). 

ქმედება ქვეყნის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმაც დაგმო. მისი თქმით, პოლონეთში დიქტატურის მშენებლობას არ დაუშვებენ.

"TVP-სთან, პოლონურ რადიოსთან და PAP-თან მიმართებით კულტურის სამინისტროს უკანონო ქმედებები აჩვენებს, როგორ არღვევენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე მაღალჩინოსნები კანონის უზენაესობას, რომელიც ვითომდა ადარდებთ. ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ. ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ პოლონეთში დიქტატურის მშენებლობას არ დავუშვებთ ". – წერს ყოფილი პრემიერი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). 

ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ, რომელიც ასევე ყოფილი მმართველი პარტიის წევრია, ახლანდელი მთავრობის ნაბიჯები მკვეთრად გააკრიტიკა, ისინი კომუნისტური მმართველობის მეთოდებს შეადარა და მთავრობა საგარეო ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. 

"კომუნისტური და პოსტკომუნისტური სამსახურებისგან წარმოშობილი დაჯგუფების მიერ პოლონეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარების მეთოდებს დემოკრატიასა და კანონთან არაფერი საერთო არ აქვს. თავდასხმა საზოგადოებრივ მედია საშუალებებზე, რომლებიც პლურალიზმის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენდა, ეს ახლანდელი მთავრობის პოსტკომუნისტურ ფესვებთან დაბრუნებაა". – წერს ფოტიგა Facebook-ზე.


პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 16 ოქტომბერს ჩატარდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე გასულმა მმართველმა პარტიამ კანონი და სამართლიანობა ხმების 35.4% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სამოქალაქო კოალიციამ 30.7%, მესამე ძალამ - 14.4%, ახალმა მემარცხენეებმა - 8.6%ხოლო კონფედერაციამ - 7.2%.

პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კანონი და სამართლიანობა პარლამენტის ქვედა პალატაში 194 მანდატს მიიღებს, სამოქალაქო კოალიცია 157-ს, მესამე გზა 65-ს, ახალი მემარცხენეები 26-ს, კონფედერაცია კი 18-ს.

პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად იაროსლავ კაჩინსკის პარტიას კანონი და სამართლიანობა სეიმში უმრავლესობის შესაქმნელად მანდატები არ ეყო.

იქიდან გამომდინარე, რომ კაჩინსკის პარტიამ ფორმალურად არჩევნებში გაიმარჯვა, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას მთავრობის ჩამოყალიბების უფლება მიეცა, თუმცა კანონმა და სამართლიანობამ საკუთარ მხარეს ვერც ერთი პოლიტიკური ოპონენტის გადმობირება ვერ შეძლო.

პოლონეთის სეიმმა 11 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი აირჩია. მის კანდიდატურას პარლამენტის კოალიციამ დაუჭირა მხარი, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობას ფლობს. 

კომენტარები