მიგრანტების კრიზისი ევროპაში

კროზეტო: ვაგნერის ჯგუფი ევროპაში მიგრანტების კრიზისის გაღვივებაშია ჩართული

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო

იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს თქმით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი ევროპაში მიგრანტების კრიზისის გაღვივებაშია ჩართული.

კროზეტოს შეფასებით, ვაგნერი პირდაპირ ჩართულია აფრიკიდან მიგრანტების ნაკადის ზრდაში და რუსეთი ამ გზით უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებზე საპასუხო დარტყმის მიყენებას ცდილობს.

"ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ მიგრაციის ექსპონენციალური ზრდა აფრიკის სანაპიროებიდან, არის ვაგნერის ჯგუფების მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ომის მკაფიო სტრატეგიის ნაწილი აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მისი მნიშვნელოვანი წონის გამოყენებით. როგორც ევროკავშირმა, NATO-მ და დასავლეთმა გაიაზრეს, რომ კიბერთავდასხმები გლობალური კონფრონტაციის ნაწილი იყო, ახლა მათ უნდა გააცნობიერონ, რომ სამხრეთევროპული ფრონტი ყოველდღიურად უფრო სახიფათო ხდება". - თქვა კროზეტომ.

ამასთან, გვიდო კროზეტომ NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდა, რომ იტალიას მიგრანტების მზარდი რაოდენობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2023 წელს იტალიის სანაპიროები 20 000-ზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში, ეს რიცხვი 6 000-ს შეადგენდა.

კომენტარები