NATO-რუსეთი

რუსეთი ფინეთს აფრთხილებს, რომ აშშ-სთან თავდაცვით ხელშეკრულებას უპასუხოდ არ დატოვებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი თავდაცვითი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე
Mandel NGAN / AFP

რუსეთმა 19 დეკემბერს ფინეთის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც აშშ-სა და ფინეთს შორის ახალი თავდაცვითი შეთანხმება დაიდო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ისინი აღნიშნულ შეთანხმებას მიუღებლად მიიჩნევენ, ვინაიდან აშშ-ს რუსეთის საზღვრის მიმდებარედ წვდომა ეძლევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი "უპასუხოდ არ დატოვებს ჩვენს საზღვართან NATO-ს სამხედრო პოტენციალის ზრდას, რაც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას ემუქრება და საჭირო ზომებს მივიღებთ, რათა ფინეთისა და მისი NATO-ს მოკავშირეების აგრესიულ გადაწყვეტილებებს გავუმკლავდეთ".

"პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კარგი სამეზობლოს რეგიონი შესაძლო დაპირისპირებების ზონად გადაიქცა, სრულად ამჟამინდელი ფინეთის ხელმძღვანელობას ეკისრება". - თქვა ზახაროვამ.

18 დეკემბერს დადებული შეთანხმებით, აშშ-ს საშუალება ეძლევა, კონფლიქტის შემთხვევაში ფინეთის ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილები და დახმარება სწრაფად გადაისროლოს. თავდაცვითი ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ს ფინეთში მდებარე 15 დაწესებულებაზე შეუზღუდავი წვდომა ექნება, მათ შორის: ოთხ საჰაერო ბაზაზე, სამხედრო პორტსა და რკინიგზაზე, რომელიც რუსეთის საზღვართან მიდის. ამას გარდა, აშშ შეძლებს, აღნიშნულ ბაზებზე სამხედრო აღჭურვილობა შეინახოს.

 

კომენტარები