ამირან გამყრელიძე

სალომე ზურაბიშვილმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილი და ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენის გადაცემის ცერემონიაზე
president.ge

სალომე ზურაბიშვილმა "საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისათვის თავდაუზოგავი შრომისათვის, წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობისათვის" ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იმ საქმის  მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ. საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, რადგან ის მიმართულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სტანდარტების ამაღლებისათვის, იქნებოდა ეს პრევენცია თუ იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მძიმედ აწვებოდა საზოგადოებას. მათთან ბრძოლის ის პროგრესი კი, დიდწილად თქვენთანაა დაკავშირებული". - თქვა ზურაბიშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ამირან გამყრელიძეც და პრეზიდენტს ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა და დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტისგან ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს მიღება, რომელიც სხვათა შორის, პირველი ჯილდოა ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, არ ვიყავი მიჩვეული ზოგადად ჯილდოების მიღებას, მაგრამ დღეს ჩემთვის ეს განსაკუთრებულია, განსაკუთრებით, თქვენგან, ქალბატონო პრეზიდენტო...

...ასევე განსაკუთრებულია დღეს ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის, როდესაც საქართველო მიუახლოვდა თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საოცნებო მიზანს - ჩვენ თანდათან ვხდებით ევროპის ნაწილი და უკვე კანდიდატის სტატუსით ვართ..

მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, აკეთებდით და გააკეთებთ ამ დიდ გზაზე, რომელიც ჩვენი ყველა თაობის საოცნებო მიზანი გახლავთ და იმედია, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ ნამდვილ, ძლიერ, უსაფრთხო და ევროპულ საქართველოში. მადლობა ამისთვის თქვენ!" - თქვა გამყრელიძემ.

კომენტარები