ხუდონჰესი

ხუდონჰესის პროექტის დასაბრუნებლად მთავრობამ ინვესტორს 14.5 მილიონი დოლარი გადაუხადა

Aleksey Muhranoff / travelgeorgia.ru

ხუდონჰესის პროექტის დასაბრუნებლად საქართველოს მთავრობამ ინვესტორს 14.5 მილიონ დოლარი გადაუხადა. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გამოისყიდა და მასზე მუშაობა 2023 წლის დასაწყისში, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით დაიწყება. 

ლევან დავითაშვილის თქმით, "ეს არის ადეკვატური და საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები, რომ ჩვენ ერთის მხრივ, დავიბრუნეთ ტერიტორიები, რომლებიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული, დავიბრუნეთ უფლებები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია, პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ".

"შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით.

ეს არის ჩვენი მიდგომა და ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში. ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად, სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის, არსებული ენგურჰესის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ პოზიტიურად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შეთანხმება შედგა. აქედან გამომდინარე ამ პროექტს 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და ხელახლა დავიწყებთ მის განხორციელებას, რაც ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთერთი ნაწილია, რომ საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და გავზარდოთ ქვეყნის ელექტროდამოუკიდებლობა" - ამბობს ლევან დავითაშვილი.

საქართველოს მთავრობამ Trans Electric-სა და კომპანიის ქართულ ფილიალთან ხელშეკრულება თავდაპირველად 2011 წელს გააფორმა. შეთანხმება მდინარე ხუდონზე 702-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. ხუდონჰესის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იყო.

მოგვიანებით ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა წინასწარ დადგენილი ფასით, სადგურისგან ელექტროენერგიას მომდევნო 15 წლის განმავლობაში შეიძენდა. 

2020 წლის დასაწყისში კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა კომპანია Trans Electrica-სთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას აპირებდა. ამ მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells დაიქირავა, რომელსაც მომსახურებაში 118 ათასი ევრო გადაუხადა. 

კომენტარები