კანდიდატის სტატუსი

ნაცვლიშვილი, სამნიძე და კორძაია მთავრობის დაგეგმილ "სახალხო ზეიმზე" დასწრებას გეგმავენ

ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ "სახალხო ზეიმზე" დასწრებას გეგმავენ. ამის შესახებ მედიასთან მათ თავად ისაუბრეს.

"ხელისუფლებამ ეს ზეიმი უნდა დააორგანიზოს და საზოგადოებას საშუალება მისცეს, რომ აღნიშნოს [...] მათ შორის, მეც დავესწრები. ხალხი ზეიმობს და მე იქ ვიქნები, სადაც ქართველი ხალხი ზეიმობს [...] ეს ზეიმი ქართველ ხალხს ეკუთვნის და ვერავინ შეძლებს, რომ საკუთარ ბალანსზე დაიწეროს ის დიდი გამარჯვება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა მიაღწიეს". - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ხათუნა სამნიძე კი ამბობს, რომ მას ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრების კომპლექსი არ აქვს.

"თუ ვფიქრობთ, რომ კანდიდატის სტატუსი პარტიის მიღმა საკითხია და ეს ქვეყნის მთავარი მიღწევაა, მაშინ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა იქ უნდა ვიყოთ. მე ამის კომპლექსი არ მაქვს". - ამბობს ხათუნა სამნიძე.

"სახალხო ზეიმთან" დაკავშირებით კომენტარი თამარ კორძაიამაც გააკეთა.

"მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ყველგან ვიქნები, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას ვიზეიმებთ". - ამბობს კორძაია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ის დღეს, 17:00 საათზე იქნება თუ არა თავისუფლების მოედანზე, კორძაიამ უპასუხა, რომ "რატომაც არა".

"ახლა ეს ჩემთვის მთავარი მოვლენაა. შვილიშვილს თუ მოვიყვან აქამდე, სიამოვნებით მოვალ და ამ ქვეყანაში ზეიმსაც ვაჩვენებ და ნაძვის ხესაც". - უთხრა კორძაიამ TV პირველის ჟურნალისტს პარლამენტში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხს მოუწოდა, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, "რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის".

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

კომენტარები