ადვოკატზე ძალადობა

ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – 2 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყებამ ადვოკატის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, ორ პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატის მიმართ ფიზიკურად იძალადა, მათ შორის არასრულწლოვანი ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ხოლო არასრულწლოვანს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მუქარა და ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით)  წარედგინათ". - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა აპირებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართოს. 

ამასთან, შსს-ში დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

კომენტარები