რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული დაზვერვა: რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ბაზა გავტეხეთ

უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ რუსეთის ფედერაციის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ბაზა გატეხა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული

ამავე ინფორმაციით, კიბერშეტევის შედეგად ყველა სერვერი დაზარალდა, განადგურდა მონაცემთა ბაზა და სარეზერვო ასლები, ასევე ის ფაილები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუსეთის რთული საგადასახადო სისტემის ფუნქციონირებას.

"პარალიზებულია კომუნიკაცია მოსკოვის ცენტრალურ ოფისსა და რუსეთის 2 300 ტერიტორიულ დეპარტამენტს შორის, ასევე რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურსა და Office.ed-it.ru-ს შორის, რომელიც იყო საგადასახადო მონაცემთა ცენტრი (მონაცემთა ბანკი)". - აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო მონაცემების შესახებ ინტერნეტში ხელმისაწვდომი ინფორმაცია ახლა უკრაინის სამხედრო დაზვერვის კონტროლის ქვეშაა.

ამასთან, უკრაინული მხარის განმარტებით, რუსები სისტემის აღდგენას უკვე მეოთხე დღეა ცდილობენ.

"ექსპერტების აზრით, რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მუშაობის პარალიზება სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამავდროულად, შეუძლებელია აგრესორი სახელმწიფოს საგადასახადო სისტემის სრული აღდგენა". - აღნიშნავს უკრაინული დაზვერვის სამსახური. 

კომენტარები