საფრანგეთი

საფრანგეთში მასწავლებლები ნახატზე სიშიშვლის ჩვენებისთვის მუსლიმთა მუქარის გამო გაიფიცნენ

ჯუზეპე სეზარის "დიანა და აქტეონი"
Google Cultural Institute

საფრანგეთში, პარიზთან მდებარე სკოლაში მასწავლებლები მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც ხელოვნების გაკვეთილზე რენესანსის პერიოდის ნახატი აჩვენეს, რომელზეც შიშველი ქალები არიან გამოსახული, რასაც მუსლიმი მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდან მუქარა მოჰყვა.

საფრანგეთის ისუს კომუნის ჟაკ კარტიეს საჯარო სკოლაში, რომელშიც ბევრი იმიგრანტი მოსწავლე სწავლობს, ფრანგმა მასწავლებელმა ჯუზეპე სეზარის ნახატი "აქტეონი და დიანა" 12 და 13 წლის მოსწავლეებს აჩვენა. სეზარის ნახატი 1603 წლით თარიღდება და მასზე ბერძნული მითის ერთ-ერთი ეპიზოდია გამოსახული. მითის მიხედვით, ტყეში ნადირობისას აქტეონმა შემთხვევით მობანავეა დიანა (იგივე არტემიდე) დაინახა, რის გამოც ქალღმერთმა აქტეონი ირმად აქცია. სეზარის ნახატზე დიანა და კიდევ ოთხი ქალი შიშვლად არიან გამოსახული. ნახატი პარიზის ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნახატის ჩვენების შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ მას ზურგი აქცია, რადგან, მათი თქმით, მსგავსი ნახატების ნახვას მათი რელიგია კრძალავს.

აღნიშნული ფაქტი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა სკოლის დირექტორთან გაგზავნილ წერილში გაასაჩივრა, ხოლო სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ცნობები, რომ მასწავლებლებმა რასისტული კომენტარები გააკეთეს. მოგვიანებით მოსწავლეებმა გავრცელებული ცნობების სიმცდარე თავადვე აღიარეს, თუმცა მასწავლებლების თქმით, ზიანი უკვე მიყენებული იყო.

8 დეკემბერს, მომხდარიდან მეორე დღეს, გავრცელებული ყალბი ცნობებისა და ერთ-ერთი მასწავლებლის ვინაობის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გამო მასწავლებლებმა და სკოლის პერსონალმა გაფიცვა გამოაცხადეს.

მასწავლებლების წერილში ნათქვამია, რომ ისინი იყენებენ უფლებას, სკოლაში არსებული "რთული სიტუაციისგან" თავი შორს დაიჭირონ. მათი აღწერით, სკოლის გარემო "საგრძნობ დისკომფორტს" იწვევს და მათთვის "მზარდი ძალადობა" ყოველდღიური რეალობის ნაწილია.

"ჩვენი ძალიან კარგად გვესმის, რომ ამგვარმა მეთოდებმა შესაძლოა ტრაგედიამდე მიგვიყვანოს". - ამბობს მასწავლებლების კავშირის თავმჯდომარე. "ეს სამუელ პატის მკვლელობაში დავინახეთ. ჩვენს კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ისინი მუქარისა და საფრთხის ქვეშ არიან".

გუშინ, 11 დეკემბერს, საფრანგეთის განათლების მინისტრი გაბრიელ ატალი სკოლაში ჩავიდა და განაცხადა, რომ მოსწავლეები, რომლებმაც ყალბი ცნობები გაავრცელეს, შესაბამისად დაისჯებოდნენ.

მისი თქმით, სკოლაში ასევე გაიგზავნება ჯგუფი, რათა "რესპუბლიკის ღირებულებებისადმი" პატივისცემა უზრუნველყოფილი იყოს.

აღნიშნულ საკითხზე დაძაბულობას ბოლო პერიოდში საფრანგეთში მასწავლებლებზე მომხდარი თავდასხმების შემთხვევები ამწვავებს.

8 დეკემბერს საფრანგეთის სასამართლომ 2020 წელს მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე ექვსი ფრანგი მოზარდი დამნაშავედ ცნო. მოზარდები დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ცილისწამების მუხლებით გასამართლდნენ.

2020 წელს ჩეჩენმა ტერორისტმა 47 წლის ფრანგ მასწავლებელს თავი მოკვეთა. როგორც ცნობილია, სამუელ პატის მოსწავლეებმა ტერორისტს მისი ვინაობა შეატყობინეს და უთხრეს, რომ მან წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები საკლასო ოთახში გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე ბავშვებს აჩვენა. 

თინეიჯერებს რამდენიმე თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და მათ სასჯელის მოხდა შინა პატიმრობითაც შეუძლიათ. 

კომენტარები