ქუთაისი

ქუთაისის ეპარქიის მიტროპოლიტმა კათოლიკეები მათსავე ტაძარში არ შეუშვა

Catholic.ge

გამოცემა Catholic.ge-ს ცნობით, 8 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანემ ქუთაისელ მრევლსა და კათოლიკე სასულიერო პირებს კათოლიკურ ტაძარში შესვლა აუკრძალა.

გამოცემა წერს, რომ მიტროპოლიტმა იოანემ კათოლიკეების ტაძარში შესვლაზე ჯერ უარი განაცხადა, შემდეგ კი ეზოს ჭიშკარი კარანტინის მიზეზით ჩაკეტა. მამა გაბრიელე ბრაგანტინის თქმით, იგი ტაძარში შესვლისთვის თანხმობის მისაღებად, მართლმადიდებელ მიტროპოლიტს ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე, დღეში 3–4–ჯერ ურეკავდა, თუმცა ზარებს არ პასუხობდა. 

"ერთი კვირის განმავლობაში ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი ეპისკოპოსს იოანეს და არ მპასუხობდა. ამ დილას, თავისი მდივნის საშუალებით მიპასუხა. მითხრა, რომ იქ შესვლა არ შეიძლებოდა. მიზეზად ასახელებდა განსხვავებული დოგმატი გვაქვსო. ვუთხარი, რომ სხვა წლებში, მაგალითად შარშან თანახმა იყავით – მეთქი. მითხრა – მაშინ კარგად არ ვიცოდი საქმე რას ეხებოდაო. თქვენს ეკლესიებში წადით და იქ ილოცეთო. ვუთხარი, რომ ქუთაისში ჩვენ არ გვაქვს სხვა ტაძარი და ასე მიპასუხა: რადგანაც თქვენ საპატიო მოქალაქე ხართ, შეგიძლიათ მთავრობიდან მოითხოვოთ რომ ახალი ეკლესია აგიშენონო. ვუთხარი „არა“, ეს ეკლესია ჩვენია, თქვენ შეხვედით იქ, რომელიც თქვენი არ არის, აქ ჩვენ უფლება გვაქვს რომ შევიდეთ სალოცავად– მეთქი. შემდეგ, მე დავრეკე საპატრიარქოში, იმიტომ, რომ ეს ძალიან მიუღებელი საუბარი იყო". - ამბობს მამა გაბრიელე ბრიგანტინი.

ამასთან ერთად, მისივე თქმით, მიტროპოლიტთან საუბრის შემდეგ საქმეში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო ჩაერთო, რომელმაც ასე დარეკა საპატრიარქოში, შემდეგ კი მიტროპოლიტ იოანესთან.

"მერე, როცა დაურეკა ჩვენმა ეპისკოპოსმა სულ სხვანაირად თქვა – მამა გაბრიელემ შეურაცხყოფა მოგვაყენა და მართლმადიდებელ მღვდლებს ბოდიში მოუხადოსო, გაიხსენა ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების ჩამობრძანების ამბავიც". – ამბობს მამა გაბრიელე ბრაგანტინი.

Catholic.ge-თან მამა გაბრიელე ასევე ამბობს, რომ კარანტინი უბრალოდ მიზეზი იყო, რადგან ტაძარში არ შესულიყვნენ.

კათოლიკე მრევლი მათთვის ჩამორთმეულ ტაძარში ყოველ წელს 8 დეკემბერს  - ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულზე მიდის. ამისთვის კათოლიკე წინამძღვარი ნებართვას იღებდა ჯერ ყოფილ მიტროპოლიტ კალისტრატესგან, შემდეგ კი იოანესგან.

"ახლა მეუფე იოანემ მითხრა – რასაც მეუფე კალისტრატესთან აკეთებდით, ჩვენთან იმავეს ვერ იზამთო". – ამბობს მამა გაბრიელე.

კომენტარები