2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

კულება IOC-ის გადაწყვეტილებაზე: კრემლი რუს და ბელარუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სამარცხვინო უწოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებას, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.  

"საბოლოოდ კრემლი ყველა რუს და ბელორუს სპორტსმენს გამოიყენებს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში". - წერს კულება სოციალურ ქსელში.

ამასთან, კულება მოუწოდებს ყველა პარტნიორს, მკაცრად დაგმონ "ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის ოლიმპიურ პრინციპებს".

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვა.

ერთ-ერთი პირობა, რომლითაც ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლები მომდევნო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ, გულისხმობს რუსეთისა და ბელარუსის დროშების, ემბლემებისა და ჰიმნების არგამოყენებას. 

IOC-ის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადაზე რუსეთიდან და ბელარუსიდან ინდივიდუალურად მოასპარეზე ათლეტები დაიშვებიან და არა - გუნდები. ამასთან, მონაწილეობა ეკრძალებათ იმ სპორტსმენებსაც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის ომს ან/და დაკავშირებულები არიან რუსეთის ან ბელარუსის სამხედრო/ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებთან.

ამასთან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსეთის და ბელარუსის მთავრობების არცერთი წარმომადგენელი არ იქნება მიწვეული და არც აკრედიტაცია ექნებათ პარიზში 2024 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაზე დასასწრებად. 

"ინდივიდუალური სპორტსმენების უფლებების დაცვა, მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებებში, მიუხედავად მათი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების გარიცხვისა, არის კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს". - ამბობენ IOC-ში.

მსოფლიოს მასშტაბით იმ 4 600 სპორტსმენიდან, რომელთაც პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია უკვე მიენიჭათ, 8 რუსია, ხოლო 3-ს ბელარუსის პასპორტი აქვს. 

კომენტარები