ისრაელის ომი ტერორიზმთან

გრეტა ტუნბერგი ისრაელს გენოციდისა და ომის დანაშაულების ჩადენას აბრალებს

გრეტა ტუნბერგი

5 დეკემბერს შვედმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა რამდენიმე გამოცემაში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ისრაელს გენოციდისა და ომის დანაშაულების ჩადენაში სდებს ბრალს. წინა კვირაში ჰამასის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, ისრაელის არმიის მიერ განახლებული შეტევის ფონზე, გრეტა ისრაელს "უპატიებელი ძალადობის" შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"ჰამასის მიერ ისრაელის მოქალაქეების საშინელი მკვლელობა ვერანაირად გაამართლებს ისრაელის მიმდინარე ომის დანაშაულებს." - წერს ტუნბერგი. მისი თქმით, "გენოციდი არც თავდაცვა და არც პროპორციული პასუხია."

პალესტინის მხარდაჭერისთვის ისრაელი მწვავედ აკრიტიკებს გრეტა ტუნბერგს. პასუხად ბრალდებებზე, რომ მისი მოძრაობა "რადიკალიზებულია" და "პოლიტიკური გახდა" გრეტა ამბობს, რომ "ჩვენ ყოველთვის პოლიტიკური ვიყავით, რადგან ჩვენი მოძრაობა ყოველთვის სამართლიანობისთვის არსებობდა".

სტატიაში ტუნბერგმა ასევე ისრაელის სამხედრო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის შვედეთის ჯარი გააკრიტიკა. მისი თქმით, "შვედეთი ისრაელის ოკუპაციისა და მასობრივი მკვლელობების თანამონაწილეა".

შვედი აქტივისტი ამასთანავე მსოფლიოში მზარდ ანტისემიტიზმსა და ისლამოფობიას გამოეხმაურა: "ეს მიუღებელია, ჩვენ უსიტყვოდ ვგმობთ დისკრიმინაციის ყოველგვარ ფორმას, მათ შორის ისლამოფობიასა და ანტისემიტიზმს".

მანამდე, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმიდან ორი კვირის შემდეგ, გრეტა ტუნბერგმა პალესტინის მხარდასაჭერი გაფიცვა გამოაცხადა. 25 ნოემბერს კი სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტუნბერგი "სიონიზმის განადგურებისთვის" მღეროდა.

კომენტარები