მოლდოვა

მოლდოვაში, დიდთოვლობისას მანქანაში გაყინული წყვილის ოჯახი ტრაგედიაში 112-ს ადანაშაულებს

დიდთოვლობა მოლდოვაში
Tv8.md

26 ნოემბერს მოლდოვაში უხვი რაოდენობით თოვლი მოვიდა. დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა რეგიონალური ავტომაგისტრალები, რიგ დასახლებებს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე, მოხდა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. 27 ნოემბერს თოვლში გაჭედილ მანქანაში 2 ადამიანის გაყინული სხეული იპოვეს.

დაღუპული ასაკოვანი ცოლ-ქმრის ახლობლების მტკიცებით, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ სამაშველო სამსახური 112 თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებდა.

ნათესავების თქმით, ცოლ-ქმარს სოფელ კოშკალიაში, ქალის ლოგინად ჩავარდნილ დასთან მობილური ტელეფონი მიჰქონდა. სოფლამდე რამდენიმე კილომეტრში მანქანა თოვლში გაიჭედა, ამის შემდეგ წყვილიც და მათი ოჯახის წევრებიც 112-ში რეკავდნენ, მაგრამ დახმარება 6 საათის დაგვიანებით მივიდა.

ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ ცოლ-ქმარმა დარჩენილი დისტანციის გავლა რამდენჯერმე ფეხით სცადა, თუმცა ქალი შეუძლოდ გახდა და წყვილი მანქანაში დაბრუნდა. 

"ვფიქრობ, მათ ბოლოს უბრალოდ მანქანიდან გადმოსვლისა და გზის გაკვალვის ძალა აღარ დარჩათ. ისინი ორივე პენსიონერები იყვნენ. ასჯერ მაინც დავრეკე სამაშველო სამსახურში. უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, რომელთაც ისინი გასაჭირში, ძაღლებივით მიაგდეს”. – ამბობს დაღუპულთა ნათესავი.

კომენტარები