მედიკამენტები

ღარიბაშვილი: მედიკამენტების ფასებს 1-2 თვეში დავარეგულირებთ

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე და იგეგმება, რომ მედიკამენტების ბაზარი დარეგულირდეს ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად.

"მედკამენტების ბაზარს რაც შეეხება, მე ამის თაობაზე მოვისმინე კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიში და უკვე მივეცი მსვლელობა. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება პარლამენტთანაც და მინდა, რომ ეს კანონი გავიტანოთ. წლის ბოლომდე თუ არა, იანვარში მაინც მინდა, რომ მოვასწროთ ბაზრის რეგულირება ისე, როგორც გაკეთდა ევროპაში. მე რა თქმა უნდა, ახლის გაკეთებას არ ვგულისხმობ, არ ვცდილობ რაღაც ახალი მოვიგონო, უნდა გაკეთდეს ისე, როგორც გაკეთდა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში.

რომ განვმარტოთ მოსახლეობისთვის, არსებობს კომპანიები, რომლებსაც აქვთ საწარმო, აწარმოებენ მედიკამენტებს, ხარისხზე არ ვილაპარაკოთ ამ ეტაპზე, ამას ლაბორატორიული დასკვნები სჭირდება და მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური. კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი, ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში, ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, კანონპროექტის მიღება დეკემბერ-იანვარში იგეგმება, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ფარმაცევტულ ბაზარში ჩარევა არ გულისხმობს ტარიფების დაწესებას.

"ჩვენ ვზრდით ხელფასებს თუ პენსიებს, მედიკამენტების ფასები ყოველწლიურად პროპორციულად იზრდება და რეალურად, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო ნაკლები მიაქვთ სახლში, ნაკლები ფული რჩებათ დასახარჯი. ეს რა თქმა უნდა, საჭიროებს გონივრულად და სწორად ჩარევას, მე ჩარევას არ ვგულისხმობ, რომ იქ ხელოვნურად ჩავერიოთ და ტარიფები დავაწესოთ, მაგრამ ისე, როგორც გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ეს უნდა დარეგულირდეს, არ შეიძლება მედიკამენტების ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება იქნება თუ ზოგადად ასეთი ქაოტური მდგომარეობა. რაც მედიკამენტების, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობს, ეს უნდა დარეგულირდეს უახლოეს ერთ-ორ თვეში. დეკემბერში პარლამენტში უკვე კანონპროექტს შევიტანთ, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ალბათ დეკემბერ-იანვარში კანონს მივიღებთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები