ოკუპირებული აფხაზეთი

ყოლბაია შამბაზე: ჩვენს შეხვედრას არანაირი სტატუსი არ ჰქონდა

ვახტანგ ყოლბაია
კადრი/ფორმულას დღე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის, ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან, სერგეი შამბასთან მის ონლაინ შეხვედრას არანაირი სტატუსი არ ჰქონდა და მისთვის მოულოდნელი იყო საუბარზე შამბას თანხმობა.

"თუ არ ვილაპარაკეთ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებულ ადამიანებთან, ეს ჩინოვნიკი იქნება თუ უბრალოდ, ვთქვათ, მომაკვდავი, თუ არ დავეხმარეთ და არ გავიაზრეთ მათი ტკივილები, თუ ყველასაგან მოვითხოვეთ ოკუპირებული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა, იარაღის აღება და ა.შ. ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან ჩიხურ მდგომარეობაში. მე საკმაოდ დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ხოდა, ვიცი სად არის წითელი ხაზები, ვიცი რასაც ნიშნავს სახელმწიფო უშიშროება და უსაფრთხოება". - თქვა გადაცემა ფორმულას დღეში ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა რაიმე სახის ახალი ფორმატის შეხვედრა. მისივე თქმით, ეს იყო ძველი დიალოგის გაგრძელება და სინამდვილეში, არანაირი ახალი პოლიტიკა არ არსებობს.

"ჩვენ ვისაუბრეთ იმ ხალხმა, რომელიც იყო მონაწილე ამ კონფლიქტის [აფხაზეთის ომის]. თქვენ თუ გახსოვთ, 1996 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კონფლიქტთან დაკავშირებით, სადაც აღიარა მონაწილეთა ხუთი სუბიექტი, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება, აფხაზეთის გამოდევნილი ხელისუფლება, რუსეთი, როგორც მონაწილე, ფაქტორი და არა მომრიგებელი, გაერო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამას ეწინააღმდეგებოდა რუსეთი". - თქვა ყოლბაიამ.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას თქმით, საქართველოსთან კონფლიქტის გადასაჭრელად საჭიროა საუბარი.

ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად ჟურნალისტ ვანო ჩოკორაიასთან ისაუბრა.

კომენტარები