ოკუპირებული აფხაზეთი

ბოკერია მოლაპარაკებებზე: აფხაზეთი არ არის მხარე, ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია

ზურა ცერცვაძე/ტაბულა

პარტია ევროპული საქართველოს წევრები გამოეხმაურნენ ქართულ და ე.წ. აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებას, რომელიც ქართულ ოცნებაში დადებითად შეაფასეს. ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარე ვერ იქნება მარიონეტული რეჟიმი და ის შეიძლება მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის წარიმართოს.

"ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეები არიან მხოლოდ რუსეთი და საქართველო. ეს იყო ჩვენთვის პრინციპული პოზიცია და ეს უნდა იყოს პრინციპული პოზიცია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავდეს იქ მყოფი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ხაზგასმით იქ არიან ხოლმე ფორმალურად, მხოლოდ როგორც პერსონალური სტატუსის მქონეები და არა ამ რეგიონების ან ნებისმიერი სუბიექტების წარმომადგენლები. ჩვენი ხედვა იყო და უნდა იყოს, როცა ეროვნული ინტერესების ხელისუფლება გვეყოლება, რომ ისინი არიან უბრალოდ რუსეთის დელეგაციის ნაწილი. ნებისმიერი სხვა ნაბიჯი ამტკიცებს იმ ხაზს, რაც რუსეთს სჭირდება, რომ ეს არის კონფლიქტი, პირველ რიგში, ქართველებს და აფხაზებს და ქართველებს და ოსებს შორის და რომ ისინი არიან მხარე. იმის მაგივრად, რომ თვითონ ერთი-ორჯერ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად თქვეს, რომ ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ტერმინი ოკუპირებულიო. თუ შენ ცდილობ, რომ ეს დაამკვიდრო, თავად რატომ უნდა იყენებდე იმ ტერმინს, რომლის შეცვლა გინდა". - აღნიშნავს ბოკერია.

მისივე თქმით, ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლების განცხადება, რომ მოლაპარაკებებში საქართველოსთან, რუსეთთან, ეუთოსთან, გაეროსთან, აშშ-სა და სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ აფხაზეთის და ცხინვალის "გამოყოფილი რეგიონების" წარმომადგენლები ეროვნული ღალატის ტოლფასი მიდგომის დემონსტრირებაა.

"ეს ტერმინი, გამოყოფილი რეგიონები არის ინერცია 90-იანი წლების და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების, ნებისმიერი ეროვნული ხელისუფლების ამოცანა იყო და უნდა იყოს მომავალში, ამის ჩანაცვლება რეალური შეფასებით, რომ ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები". - ამბობს ბოკერია.

შამბას განცხადებაზე ქართული ოცნების გამოხმაურებას უპასუხა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ნონიაშვილმაც. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში მარიონეტული რეჟიმების მხარეებად წარმოდგენა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და მიზნად ისახავს, რომ აფხაზეთის ომი აფხაზებსა და ქართველებს შორის ეთნიკურ კონფლიქტად მონათლოს, რაც რუსეთის როლს გააქრობს.

"ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმებზე ზეწოლის ბერკეტებზე საუბრობდეს და იყენებდეს ჩვენი მოქალაქეების დასაცავად, ის საუბრობს საოკუპაციო რეჟიმთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე და ხელისუფლება აწმყოში თვალს ხუჭავს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებზე, დატყვევებაზე, მკვლელობაზე მომავალში მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელებისთვის. საქართველოს ხელისუფლება ამ ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ, პირდაპირ დიალოგზე საუბრობს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, არ დგამს არცერთ ქმედით ნაბიჯს იგივე ირაკლი ბებუასა და ქრისტინე თაკალაძის გასათავისუფლებლად, არც გიგა ოთხოზორიას მკვლელების დევნის საკითხზე, არც გალში აპარტენტული რეჟიმის ქვეშ მცხოვრები ქართველების უფლებრივ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და არც ქართველების გარუსების პოლიტიკის დასრულებისთვის, მათ შორის ადგილობრივებისთვის მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით". - თქვა ნონიაშვილმა.

მანვე ისაუბრა ევროპული საქართველოს ხედვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება მსგავს შემთხვევებში.

"ჩვენ, ევროპულმა საქართველომ გამოვაქვეყნეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ხედვა ასეთ პირობებში ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება რა ნაბიჯებს უნდა დგამდეს, როგორიც არის ტყვეთა გაცვლის საკითხი, რუსეთის საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქცევა და ყველა ტიპის საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ამისთვის, უფასო ჯანდაცვის შეზღუდვა საოკუპაციო რეჟიმისთვის და ენგურჰესის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხის დასმა. ეს უკანასკნელი, ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი, არის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხი იმიტომ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი მნიშვნელოვნად ჩამოკიდებულია ენგურჰესის ელექტროენერგო რესურსებზე და კი, ის შეიძლება ყოველთვის იქცეს ზეწოლის ბერკეტად მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები გყავს გამოსახსნელი ან შენი ეროვნული ინტერესია რეჟიმის დასჯა ან რეჟიმის მსახურების დასჯა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება არ დგამს არცერთ ნაბიჯს და ამასთან ერთად საუბრობს პირდაპირ დიალოგზე". - ამბობს ნონიაშვილი.


29 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ჟურნალისტ ვანო ჩოკორაიასთან საუბრისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ თქვა, რომ საქართველოსთან კონფლიქტის გადასაჭრელად საუბარია საჭირო.

"არაერთხელ მითქვამს, რომ ამ თემაზე აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არსებობს პრობლემა, პირველ რიგში საჭიროა საუბარი. არ არსებობს ერები, მეზობლები, ახლობლები და ნათესავებიც კი, რომლებსაც ერთმანეთში არ უომიათ. მაგალითად, მთელი ევროპა". – თქვა შამბამ.

30 ნოემბერს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და თქვა, რომ "მათ პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ".

"ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან დიალოგის, შერიგების, ურთიერთპატიების და კიდევ უფრო ზოგადი გზა, რომელსაც ვადგავართ ჩვენი ქვეყანა –  ეს არის განვითარებისა და მშვიდობის გზა. ეს მათთვისაც მესიჯია, ამიტომ ჩვენ მათ პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ მათ უნდა შევურიგდეთ, აი ამ ხალხს, ჩვენს ძმებს უნდა შევურიგდეთ". - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები