რუსეთი

პუტინი: ჩვენს ბებიებს რვა და მეტი შვილი ჰყავდათ, მრავალშვილიანობა რუსეთში ნორმა უნდა იყოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "რუსული მსოფლიოს აწმყოსა და მომავლის" შესახებ გამართული რუსი ერის მსოფლიო კრების პლენარულ სესიაზე აღნიშნა, რომ 2024 წელი რუსეთში ოჯახის წლად გამოცხადდა და რუსეთში მცხოვრებ ყველა ერს მოუწოდა, მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავდეთ.

"თქვენ იცით, რომ რუსეთში შემდეგი, 2024 წლის ოჯახის წლად გამოცხადების დადგენილება უკვე ხელმოწერილია. [...]  ჩვენს მრავალ ერში, მადლობა ღმერთს, მყარი, მრავალთაობიანი ოჯახის ტრადიციაა შემონახული, სადაც ოთხ, ხუთ და მეტ ბავშვს ზრდიან. გავიხსენოთ, რომ რუსულ ოჯახებში ჩვენს ბევრ ბებიასა და დიდ ბებიას, როგორც შვიდი, ისე რვა და კიდევ უფრო მეტი ბავშვიც ჰყავდათ.  მოდით, ამ შესანიშნავ ტრადიციებს გავუფრთხილდეთ და აღვადგინოთ. მრავალშვილიანობა, დიდი ოჯახი რუსეთში ნორმად, რუსეთის ყველა ერისთვის ცხოვრების ნიმუშად უნდა იქცეს".– თქვა პუტინმა.

მანვე განმარტა, რომ რუსეთი დემოგრაფიული პრობლემა მხოლოდ "ბიუჯეტის ხარჯებით" ვერ დაიძლევა. პუტინის თქმით, "ადამიანის ცხოვრებისეული ორიენტირები" გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.

"და რისი თქმა და ხაზგასმა მსურს აქ? იმ დემოგრაფიული პრობლემის დაძლევა, რომელსაც ჩვენ შევეჯახეთ, შეუძლებელია მხოლოდ ფულის მეშვეობით, სოციალური დახმარებით, შემწეობებით, შეღავათებით, გამოყოფილი პროგრამებით. დიახ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის „დემოგრაფიული“ ხარჯების ციფრები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს სულაც არაა ყველაფერი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებისეული ორიენტირები. ოჯახის დაარსებასა და ბავშვის გაჩენაში სიყვარული, ნდობა და ზნეობის მყარი საფუძველი დევს. ეს არავითარ შემთხვევაში და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს". – თქვა პუტინმა.

კომენტარები