დაპირისპირება ენმ-ში

ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის 15 თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს

ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას ითხოვენ. განცხადებაში წერია, რომ ლევან ხაბეიშვილის და მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადადგმულმა არასწორმა ნაბიჯებმა პარტიაში მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

"მოახლოებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ერთიანი ძალებით მოქმედებისათვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე. კერძოდ:

1. დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული წესით შექმნილ პოლიტსაბჭოს და შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები მმართველი ორგანო ე.წ. "თანხმობის საბჭო" (და არა საკონსულტაციო საბჭო), რომლის უფლებამოსილებებში გაერთიანდება პარტიაში მოქმედი პოლიტსაბჭოს, სამდივნოს და თავმჯდომარის უფლებამოსილებები.

2. "თანხმობის საბჭო" დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ლეგიტიმაციით.

3. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას პარტიის ყრილობა, რომელზეც მოხდება "საბჭოს" დამტკიცება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა პარტიის წესდებაში, როგორც დროებითი ღონისძიება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით." - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს თბილისის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის 15 თავმჯდომარე: ბესო გაზდელიანი, გელა (გრიგოლ) გვილავა, გიორგი მათიაშვილი, გიორგი ჯაბუა, გოჩა გუგუციძე, გოჩა კოკაია, დავით კახაძე, დავით ლაგვილავა, დავით ნებიერიძე, ზვიად კუპრავა, თემო ნემსიწვერიძე, თენგიზ გიორგაძე, ლერი დემეტრაშვილი, მამუკა გუგეშაშვილი და რომეო ფარულავა.

ხაზარაშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადებები ასევე გამოაქვეყნეს ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, ამბროლაურის, ქუთაისის, კასპის, ახალციხის, მცხეთის, ფოთის, ცაგერის, თერჯოლის, მარნეულისა და ბათუმის საკრებულოების ენმ-ს ფრაქციების წევრებმაც.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-მ დაწერა, რომ ნიკა მელია პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ის დატოვებაზე ნიკა მელიას საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო.

“მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის “არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია - ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას” - წერს ენმ. 

პარტიამდე იგივე განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV ფორმულას ეთერში გააკეთა. მისი მტკიცებით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით". Მისივე თქმით, “მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი".

რამდენიმე კვირის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს შესთავაზა, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე შეემუშავებინათ მანიფესტი, რომელსაც ერთობლივად მოაწერდნენ ხელს. მისი თქმით, მანიფესტში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ყოფილიყო პარტიული ერთიანობის შეთანხმებაც.

“თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას. ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია” - წერდა სააკაშვილი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პარტიის პრინციპებთან, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიასთან ერთად, "მანიფესტი პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული  შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად".

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ე.წ ნიკა მელიას ფლანგს მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია. ბაჩო დოლიძის თქმით, ინდივიდუალურად გადაწყვეტდნენ, ვინ მოაწერდა ხელს "ერთიანობის დოკუმენტს" და ვინ არა. Მისივე შეფასებით, მანიფესტი არ ასახავს არსებულ რეალობას"

“ვინც არ მოაწერს ხელს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი იქნება გარიცხული პარტიიდან? აქ ხომ ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი?" - თქვა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის “ლეგიტიმურობაზე” მიხეილ სააკაშვილი იქამდეც საუბრობდა და “კატეგორიულად ვერ იზიარებდა ზოგიერთ მოსაზრებას”, რომ ლევან ხაბეიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს და პარტიის პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობა აქვს.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, თქვა, რომ "პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ".

სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ იმავე დღეს უპასუხა და დაწერა, რომ "თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ".

კომენტარები