NATO

ბილსტრომი: თურქეთი შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში გეგმავს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის ინფორმაციით, თურქეთმა შვედეთს შეატყობინა, რომ მის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას თურქეთის პარლამენტი მომდევნო კვირების მანძილზე მოახდენს.

"მქონდა ორმხრივი საუბარი ჩემ კოლეგასთან, თურქეთის საგარეო მინისტრთან, რა დროსაც მან მითხრა, რომ მისი მოლოდინით, რატიფიცირება მომდევნო კვირებში უნდა მოხდეს". – ამბობს ბილსტრომი.

აღნიშნული სიახლე თურქეთს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესს მხარი ბლოკის 31-ივე წევრმა უნდა დაუჭიროს.

უნგრეთი არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება არ მოუხდენია, თუმცა, ბილსტრომი დარწმუნებულია, რომ უნგრეთის მხრიდან რატიფიცირება დამოკიდებულია თურქეთის გადაწყვეტილებაზე.

ერდოღანმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლი რატიფიკაციისთვის პარლამენტს 23 ოქტომბერს გაუგზავნა. თუმცა, 16 ნოემბერს, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადზე კენჭისყრა გადადო.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული კომიტეტის თავმჯდომარის, ფუატ ოქტაის თქმით, ისინი მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავენ და კანონპროექტი, შესაძლოა, დღის წესრიგში მომავალი კვირის განმავლობაში დააბრუნონ, თუმცა კონკრეტულ ვადებზე არ უსაუბრია.

 

კომენტარები