ტურიზმი

III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592 მლნ ლარი დახარჯეს

თბილისის აეროპორტი

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592.4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 7.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი, 2022 წლის III კვარტალთან შედარებით,12.0%-ით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.

საზღვარგარეთ ვიზიტებისას გაწეული ხარჯების კატეგორიების განაწილება:

  • საყიდლები - 236.7 მლნ ლარი;
  • საკვები და სასმელი - 137.9 მლნ ლარი;
  • განთავსება - 119.8 მლნ ლარი;
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - 51.1 მლნ ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 28.5 მლნ ლარი;
  • სხვა ხარჯი - 18.3 მლნ ლარი.

საქსტატის გამოქვეყნებულ გამყვანი ტურიზმის სტატისტიკაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეზიდენტები საზღვარგარეთ თითქმის 819.9 ათასჯერ გავიდნენ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს 397.6 ათასი მოქალაქე საზღვარგარეთ ტურისტული ტიპის ვიზიტით გავიდა, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ექსკურსიულ ვიზიტებს, იმავე დროით პერიოდში 249.6 ათასი ადამიანი სწორედ ამ მიზნით გავიდა ქვეყნიდან. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 2%-ით აღემატება.

ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით:

  • თურქეთი - 41.5%;
  • სომხეთი - 16%;
  • რუსეთი - 14.4%;
  • აზერბაიჯანი - 1.4%;
  • ევროკავშირის ქვეყნები - 14.4%;
  • სხვა ქვეყნები - 12.8%.

    კომენტარები