სექსუალური ძალადობა

"თმით მათრია საძინებლამდე" - ექსლ როუზს ყოფილი მოდელი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

შეილა კენედი, ექსლ როუზი
Befunky

ყოფილი მოდელი შეილა კენედი Guns N' Rose-ის ფრონტმენს, ექსლ როუზს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს. კენედი როუზისგან მიზანმიმართულად მიყენებული ემოციური ტკივილისა და გენდერული ნიშნით ძალადობისაგან მიღებული ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვს.

სარჩელის მიხედვით, 1989 წელს ნიუ იორკში როუზი კენედის თავს დაესხა და მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ გააუპატიურა.  კენედი ამბობს, რომ თავდასხმის გამო დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. 

კენედის თქმით, როუზს ღამის კლუბში შეხვდა, რის შემდეგაც როკ ვარსკვლავმა სხვა მოდელთან ერთად ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მისაღებად თავისი სასტუმროს ნომერში დაპატიჟა. კენედი ამბობს, რომ როუზს მის თვალწინ მეორე მოდელთან "აგრესიული" სექსი ჰქონდა, რომელიც, მისი თქმით, მოდელისთვის "მტკივნეული ჩანდა". 

სარჩელში წერია, რომ როუზმა შემდეგ კენედიზე ფიზიკურად იძალადა და "თმით ათრია საძინებლამდე". კენედის თქმით, სისხლი სდიოდა და სცადა, წასულიყო, მაგრამ როუზმა შეაკავა და გააუპატიურა. 

როუზის ადვოკატმა ბრალდებები უარყო.

"მარტივად რომ ვთქვათ, ეს შემთხვევა არასდროს არ მომხდარა". – თქვა როუზის ადვოკატმა.

მისივე თქმით, როუზს არ ახსოვს, თუკი ოდესმე შეხვედრია შეილა კენედის. 

სარჩელში აღნიშნულია, რომ როუზი ძალადობაში წარსულშიც დაუდანაშაულებიათ. მისმა ყოფილმა პარტნიორებმა, ერინ ევერლიმ და სტეფანი სეიმურმა ფიზიკურ ძალადობაში დასდეს ბრალი. 

კომენტარები