რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: რუსმა პოლიტიკოსმა უკრაინიდან ბავშვი გაიტაცა და იშვილა

სამართლიანი რუსეთის თავმჯდომარე, სერგეი მირონოვი
რუსეთის დუმა/duma.gov.ru

Важные истории-ს მიხედვით, რუსული პარტიის Справедливая Россия-ს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა ხერსონის ოლქიდან გატაცებული 10 თვის უკრაინელი ბავშვი იშვილა. 

გამოცემის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში მირონოვის ცოლი, ინა ვარლამოვა, და მოადგილე, იანა ლანტრატოვა ხერსონის ოლქში ჩავიდნენ და უკან ხერსონის ბავშვთა სახლიდან წამოყვანილი 10 თვის მარჰარიტა პროკოპენკოთი და 2 წლის ილია ვაშჩენკოთი დაბრუნდნენ. 

Важные истории წერს, რომ 2022 წლის დეკემბერში მირონოვამ და ვარლამოვამ იშვილეს მარჰარიტა და ახალი დაბადების მოწმობა დაუმზადეს, სახელი კი მარინა სერგეევნა მირონოვად შეუცვალეს. მათ ასევე ბავშვის დაბადების ადგილი შეცვალეს. ახალ დოკუმენტში ხერსონის ოლქის ნაცვლად მოსკოვი წერია. 

გამოცემის ცნობით, მარჰარიტას ბიოლოგიურ დედას მშობლის უფლება ჩამოართვეს, ხოლო მამამისი გარდაცვლილია. მიუხედავად ამისა, მარჰარიტას სხვა ნათესავებიც ჰყავს. 

ბიჭის ბედი გამოცემისთვის უცნობია, მაგრამ, როგორც Важные истории წერს, მას 2023 წლის სექტემბერში ახალი დაბადების მოწმობა მისცეს.

როგორც გამოცემა წერს, ადვოკატები ამბობენ, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით ეს შეიძლება ომის დანაშაულად იყოს მიჩნეული.

სერგეი მირონოვი ბრალდებებს X-ზე (ყოფილი Twitter-ი) უპასუხა და ისინი "ფეიკად" მოიხსენია. 

"[ეს არის] ფეიკი უკრაინის სპეცსამსახურების და მათი დასავლელი კურატორებისა. მე უკვე შევეჩვიე ინფორმაციულ თავდასხმებს. ამ ყველაფერს ერთი მიზანი ამოძრავებს - მათი დისკრედიტაცია, ვისაც დღეს შეუგუებელი პატრიოტული პოზიცია უკავია. ტყუილად ირჯებით. სიმართლე მაინც გაიმარჯვებს, ხოლო რუსეთი სპეციალურ საომარ ოპერაციას გამარჯვებით დაასრულებს". – წერს მირონოვი. 

კომენტარები