თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

რას ვუყუროთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე – რეკომენდაციები

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

რას ვუყუროთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე – რეკომენდაციები

26 ნოემბერს თბილისში ტრადიციული, ერთკვირიანი დღესასწაული იწყება, რომელსაც კინოს მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან.

თბილისის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (TIFF) 100-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია ერთ კვირაში ყველა მათგანის ნახვა, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ფილმს, რომელიც სასურველია, დიდ ეკრანზე იხილოთ.

რეკომენდაციებს სექციების მიხედვით გირჩევთ და, რა თქმა უნდა, კინოფესტივალის ქართული სექციით დავიწყებ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

ქართული პანორამა

წლევანდელ პანორამაში 32 ქართულ ფილმს აჩვენებენ. თითოეული მათგანის ნახვა აუცილებელია, ვინაიდან ეს ფილმები ყველაზე ახლოს არის ჩვენს რეალობასთან და ყოველდღიურობასთან. გარდა ამისა, ფესტივალი კარგი საშუალებაა, ახალი ნამუშევრები დიდ ეკრანზე ნახოთ და რიგ შემთხვევებში გადამღები ჯგუფის წევრებთან დისკუსიაში მიიღოთ მონაწილეობა.

წელს 4 სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმია წარმოდგენილი. მათ შორის არ არის ოსკარზე წარგზავნილი მოქალაქე წმინდანი, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა.

ოთხივე ფილმი თავისებურად საინტერესოა და მაყურებლის ყურადღებას იმსახურებს: 

ელენე ნავერიანის შაშვი შაშვი მაყვალი ბოლო წლების ცნობილი ბესტსელერის ეკრანიზაციაა, რომელიც ჯილდოების რაოდენობით ყველა წლევანდელ ქართულ ფილმს ასწრებს. 

ლოტო ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ფილმია, რომლის დასრულება და მაყურებლამდე მიტანა რეჟისორის გარდაცვალებიდან 3 წელში გახდა შესაძლებელი.

იარე, ლიზა!-ზე ბევრი დაიწერა და ითქვა. ნანა ჯანელიძის სურათი მისი საუკეთესო ნამუშევარი ნამდვილად არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში საზოგადოებაში არცერთ ქართულ ფილმზე ამხელა დისკუსია არ გამართულა. 

პეპლების იძულებითი მიგრაცია კი ქართული კინოს ცოცხალი ლეგენდის, ოსკარის ნომინანტი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმია. წელს ჯორჯაძეს პედრო კოშტასთან ერთად თბილისის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცემა.

რაც შეეხება დოკუმენტური ფილმების სექციას, აქ 9 სრულმეტრაჟიანი სურათს აჩვენებენ. თითოეული მათგანის ნახვა აუცილებელია, მაგრამ თუ დროში შეზღუდული ხართ ან დოკუმენტური კინოს მოტრფიალე არ ბრძანდებით, 2 ფილმზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: დედა-შვილი და ღიმილიანი საქართველო.

პირველი კიდევ ერთი ლეგენდის, ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმია, რომელშიც ავტორი სტალინური რეპრესიების მსხვერპლ საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიზიარებს.

მეორე ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველოა. დოკუმენტური ფილმი იმავე სახელწოდების ცნობილ პროგრამაზეა, რომელმაც მოსახლეობის ნაწილი "გაღიმებული დატოვა".

გარდა ამისა, ოთხი დღის განმავლობაში მაყურებელს მოკლემეტრაჟიანი, როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმების ნახვის კარგი შანსი ეძლევა.

ფესტივალზე ამ 32 ქართული ფილმიდან 4 მათგანი მიიღებს ჯილდოს. 

შაშვი შაშვი მაყვალი

ევროპა

რა გასაკვირია, რომ ევროპულ დედაქალაქში გამართული კინოფესტივალის პროგრამის დიდ ნაწილს სწორედ ევროპული ფილმები შეადგენს.

ევროპული ფორუმიდან აუცილებლად სანახავია ფინელი დიდოსტატის, აკი კაურისმიაკის Fallen Leaves, რომელმაც წლევანდელ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი მიიღო. იქვე, მთავარი ჯილდო გადაეცა ჟუსტინ ტრიეს Anatomy of a Fall-ს, რომლის ხილვა ჩვენს კინოფესტივალზეც იქნება შესაძლებელი. ე.წ. "ნელი" და "ინტიმური" კინოს მოტრფიალეებს კი, ამ სექციაში ნური ბილგე ჩეილანის About Dry Grasses ელოდებათ.

TIFF-ის ტრადიციულ პარტნიორად რჩება გოეთეს ინსტიტუტი, შესაბამისად, გერმანული კინოს ნაკლებობას ფესტივალი არც წელს განიცდის. რა თქმა უნდა, სექცია Made In Germany-ში ყურადღების ცენტრში გერმანული კინოს კლასიკოსი ვიმ ვენდერსია, თავისი ახალი ფილმით Perfect Days

კინოფესტივალის კიდევ ერთმა პარტნიორმა, ბრიტანეთის საბჭომ წარმოადგინა პროგრამა სახელად ბრიტანული შოუქეისი. სექციის მთავარი მარგალიტი დაუღალავი ჰუმანისტის, კენ ლოუჩის ფილმი The Old Oak არის.

კადრი ვიმ ვენდერსის ფილმიდან Perfect Days

რეტროსპექტივა, სპეციალური ჩვენებები, სხვა სექციები

როგორც აღვნიშნე, ფესტივალის საპატიო პრომეთე გადაეცემა პედრო კოშტას, შესაბამისად, მთელი კვირის მანძილზე მისი ფილმების დიდ ეკრანზე ნახვა იქნება შესაძლებელი. 

წელს ფოკუსში სომხეთია. ამასთან დაკავშირებით ფესტივალზე აჩვნებენ ძველ და ახალ 10 სომხურ ფილმს. ასევე დაგეგმილია თბილისელი სომხისა და ჰოლივუდის ოქროს ხანის რეჟისორის, რუბენ მამულიანის ფილმების რეტროსპექტივა.

კიდევ ერთი საინტერესო ჩვენება გაიმართება 2 დეკემბერს. პროექტის სამუშაო სახელია კინომუსიკა კინოს გარეშე, რომლის ფარგლებში მუსიკოსი გიორგი კობერიძე წარმოადგენს საუნდტრეკს - Forests, Fairy Tales, Cities, Forests

ფესტივალს დახურავს ვეიტ ჰელმერის გერმანული ფილმი Gondola, რომელიც იმით არის საინტერესო, რომ მაღალმთიან საქართველოშია გადაღებული. 

კადრი პედრო კოშტას ფილმიდან Horse Money

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სრული პროგრამისა და განრიგის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები