ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელი თანახმაა ჰამასთან დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე

მძევლების გათავისუფლების მხარდამჭერი მსვლელობა ისრაელში.
AP/Mahmoud Illean

22 ნოემბრის გამთენიისას ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დათანხმებულიყვნენ ჰამასთან 50-მდე მძევლის გათავისუფლების შეთანხმებას.

მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი, სულ მცირე, 4-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზეა თანახმა.

განცხადებაში არაა დაზუსტებული თუ რა სახით ჩატარდა კენჭისყრა. ჰამასთან შეთანხმებას მხარი დაუჭირა ულტრამემარჯვენე სიონისტურმა პარტიამაც, რომელიც აქამდე მსგავს მოლაპარაკებებზე უარს ამბობდა. კენჭისყრაზე საპირისპირო აზრი მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, ითამარ ბენ გვირის ულტრანაციონალური ფრაქცია ოცმა იეჰუდითის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

შეთანხმების ყველა დეტალი არ გასაჯაროებულა, თუმცა, როგორც ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები მედიასთან ამბობენ, ელიან ისრაელის 50 მოქალაქის, ძირითადად ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებას. შეთანხმების მიხედვით, ჰამასი დღეში 12-13 ადამიანს გაათავისუფლებს.

"ისრაელის მთავრობა მიზანდასახულია, რომ ყველა გატაცებული სახლში დაბრუნდეს. ამ ღამეს მთავრობამ დაამტკიცა ამ მიზნის შესრულების პირველი სტადიის მონახაზი, რომლის ფარგლებშიც, სულ მცირე, 50 გატაცებული - ქალები და ბავშვები - გათავისუფლდებიან 4 დღის განმავლობაში, რის პარალელურადაც ბრძოლა დეჩერებული იქნება". - ნათქვამია განცხადებაში.

"ყოველი დამატებითი 10 გატაცებულის გათავისუფლება იქნება შესვენების დამატებითი დღე". - ხაზგასმულია განცხადებაში.

"ისრაელის მთავრობა, ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები გააგრძელებენ ომს ყველა გატაცებულის დასაბრუნებლად, ჰამასის სრულად გასანადგურებლად და დასარწმუნებლად, რომ ღაზა ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხე აღარ იქნება". - დამატებულია მთავრობის განცხადებაში.

ამას გარდა, ისრაელი დათანხმდა ციხიდან გაათავისუფლოს ქალი და არასრულწლოვანი პალესტინელები, რომლებიც ძირითადად დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში, სახლში დაბრუნდებიან. ისრაელი არ აზუსტებს თუ რამდენ პალესტინელს გაათავისუფლებენ, თუმცა, როგორც ჰამასმა "ჰუმანიტარული ზავის" მხარდამჭერ განცხადებაში აღნიშნა, საუბარია 150 ადამიანზე.

ასევე, ისრაელი თანახმაა, რომ ღაზის სექტორში შევიდეს დამატებითი საწვავი და ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვანი ოდენობა, რაც, მიმდინარე ომის გამო, ანკლავში დიდი ხანია დიდი რაოდენობით არ შესულა.

ჰამასში ამბობენ, რომ ისრაელი დათანხმდა სამხრეთ ღაზაში დრონების ფრენების შეწყვეტასა და ჩრდილოეთში მხოლოდ 6-საათიანი ფრენების გაგრძელებას.

როგორც ისრაელის მედიაში წერენ, შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებული იქნება 30 ბავშვი, 8 დედა და 12 ქალი.

ჰამასი ირწმუნება, რომ მათ ხელშია 240 მძევლიდან 210 ადამიანი. დანარჩენი გატაცებულების დიდი ნაწილი პალესტინური ისლამური ჯიჰადის ხელშია.

შეთანხმების ფარგლებში, წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ის მძევლები, რომლებიც ჯერჯერობით ღაზაში დარჩებიან.

მინისტრთა კაბინეტის კენჭისყრის შემდეგ, საზოგადოებას ექნება 24 საათი, წამოიწყონ შეთანხმების საწინააღმდეგო პეტიცია. თუმცა მთავრობის წარმომადგენელმა მედიასთან აღნიშნა, რომ ცვლილებას არ ელიან და შეთანხმება, სავარაუდოდ, 23 ნოემბრიდან ამოქმედდება.

მოლაპარაკებების დროს ჰამასმა უარი თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლების გათავისუფლებაზე.

მაღალჩინოსანთა ცნობით, შეთანხმება მოიცავს სახმელეთო ძალების მოქმედებების სრულ დროებით შეწყვეტას, რაც შეეხება საჰაერო ოპერაციებს, ისინი სრულად მხოლოდ სამხრეთ ღაზაში შეწყდება, ჩრდილოეთში კი მხოლო 6-საათიანი შესვენებები იმუშავებს.

შეთანხმებას შუამავლობდა კატარი და მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაწილეობდნენ აშშ და ეგვიპტეც.

ჰამასი მძევლებს გადასცემს წითელ ჯვარს, რომლის დახმარებითაც გატაცებულები ისრაელში დაბრუნდებიან.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა გადაწყვეტილებას "რთული, მაგრამ სწორი" უწოდეს.

კომენტარები